მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი "წითელ ნუსხაში" დაცული ხეების მოჭრაზე განმარტებას აკეთებს

5ce5333270063
ელენე გოგბერაშვილი
22.05.19 16:00
1211
ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი „წითელ ნუსხაში“ დაცული ხეების მოჭრასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ხელმოწერილი დადგენილების მიხედვით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას - “ასოციაცია ატუს” ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის სახელმწიფო “წითელ ნუსხაში” დაცული ხეების მოჭრის უფლება მიეცა.

2019 წლის 17 მაისს ხელმოწერილ განკარგულებაში ნათქვამია, რომ “ასოციაცია ატუ” ქუთაისის მიმდებარედ 387,512 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე “წითელი ნუსხით” დაცულ 60 იმერულ მუხას და 49 ძელქვას მოჭრის.

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თემურ მურღულია გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განმარტავს, რომ საკონპენსაციო ღონისძიების ფარგლებში, რომელიც განსაზღვრულია კანონმდებლობით, გათვალისწინებულია თითოეულ ამოღებულ ხეზე მინიმუმ 5 ხე დაირგოს.

“ფორმულირება თავიდანვე არასწორია. „ივანიშვილის კომპანია“, „ივანიშვილის უნივერსიტეტი“ - ეს ყველაფერი არის მცდელობა არასწორად წარიმართოს საზოგადოების აზრი. ეს არის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფო უნივერსიტეტს და კომპანია, რომელიც აშენებს ამ უნივერსიტეტს, უნივერსიტეტისთვის მოგვმართა თხოვნით და არა საკუთარი საჭიროებისთვის, რომ მოხდეს იმ ხეების ამოღება, რომელიც მშენებლობის ძალიან მცირე ნაწილს უშლის ხელს.

ცუდია, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ სწორედ რამდენიმე წლის წინ მოხდა ახალი კანონმდებლობის შემოღება, როდესაც ყველა გარემოდან ამოღების შემთხვევაში დადგენილია საკომპენსაციო ღონისძიებები. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი აკონტროლებს ამ პროცესს. რეალურად ეს არის ღონისძიება, როცა თითო ამოღებულ ხეზე, მინიმუმ 5 ხე დაირგვება.

საუბარია, ათასობოთ ხეზე “წითელი ნუსხიდან”. სახელმწიფოს აქვს “წითელი ნუსხის” ხეების აღდგენის პროექტი. არის სპეციალური სანაშენე მეურნეობა, სადაც “წითელი ნუსხის” ხეები გამოჰყავთ და სახელმწიფო საკომპენსაციო ღონისძიების ფარგლებში ამ განახლებას აკეთებს.

გარდა კანონით გათვალისწინებული საკმაოდ მკაცრი საკომპენსაციო ღონისძიებებისა, პროექტის პირველივე დღიდან, თავად ინვესტორის ინიციატივა იყო ეკოსისტემის რეაბილიტაცია და ინტენსიური გამწვანება, რადგან სადერივაციო არხის გაჟონვა წლების მანძილზე იწვევდა ტყის მასიურ ხმობას. შესაბამისად, ამ საკითხზე ყალბი აჟიოტაჟი სრულიად მიუღებელია - ამ ტერიტორიაზე ათასობით ახალი ხე დაირგვება“, - აცხადებს თემურ მურღულია.