12.ივნისი .2019 19:40

"ველოდებით, რომ დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ზღვარი 10-15 ათას ლარამდე გაიზრდება"

views 659
უკან

2020 წლის 1 იანვრიდან ბანკებისთვის დეპოზიტების დაზღვევის 5 000-ლარიანი ზღვარი იზრდება.

როგორც დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელმა ოთარ ძიძიკაშვილმა bm.ge-ის ცოტა ხნის წინ განუცხადა, რამდენით გაიზრდება ზღვარი, ამაზე სამსჯელოდ სააგენტოს დრო ზაფხულის ბოლომდე აქვს, თუმცა ძიძიკაშვილი არ გამორიცხავს, 5 000-ლარიანი ზღვარი ბანკებისთვის 10 000 ლარამდე და მეტითაც გაიზარდოს.

ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, იმ ქვეყნებში, სადაც დეპოზიტების დაზღვევა განხორციელდა, ზუსტად აღნიშნული პრაქტიკით განხორციელდა ლიმიტების ზრდა.

„თავიდან იყო ლიმიტი 5000 თუ 15 000 ევრო და როდესაც შემთხვევა არ ფიქსირდება ანაზღაურების, ყოველწლიურად ეს ციფრი იზრდება.

აბსოლუტურად სადაზღვევო კუთხით არის გადასაანგარიშებელი, რა დანაზოგი გაკეთდა უკვე ამ თვალსაზრისით ანუ დეპოზიტების დაზღვევის თანხას ხომ ყოველთვიურად იხდიან ბანკები ყველანაირ მოზიდულ სახსრებზე, რა დანაზოგია განხორციელებული და რა პროგნოზია მომავალ წელს აღნიშნულ დანაზოგებთან დაკავშირებით ანუ რა პრემია იქნება გადახდილი, მაგის მიხედვით იქნება გამოანგარიშებული პოტენციურად რა რისკის დახურვას შეძლებს აღნიშნული სადაზღვევო სქემა.

რაც შეეხება დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ლიმიტის ზრდას, 10 ათასს ველოდებით რეალურად ანუ 10 000 ან 15 000 ლარამდე გაზრდას.

რა თქმა უნდა, ეს საბანკო სექტორისთვის ხარჯებთან არის დაკავშირებული. იყო ცალსახა რეკომენდაცია, რომ აღნიშნული უნდა განხორციელებულიყო. თვითონ შინაარსობრივად, რა თქმა უნდა, მოზიდვაზე ხარჯს ზრდის აღნიშნული. საქართველოში ცალსახად რომ გითხრათ, რომ მოთხოვნა იმისი, რომ სანდოობის პრობლემა იყო საბანკო სექტორის და ამისთვის იყო გადადგმული ეს ნაბიჯი, არ იყო ამის მოთხოვნა ამ მომენტისთვის ნამდვილად“, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.

შეგახსენებთ, დეპოზიტების დაზღვევის სავალდებულო სისტემა 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, რომლის თანახმად, ბანკები ვალდებულები არიან, 5 000 ლარამდე დეპოზიტები დააზღვიონ.

2019 წლის აპრილის მდგომარეობით, კომერციული ბანკების მიერ გადახდილი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ჯამური ოდენობა 1 319 587.89 ლარია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა