აპრილიდან მომხმარებელს კომპანია "ტექნო ბუმში" პროდუქციის განვადებით შეძენა ბანკის გარეშე შეეძლება.
როგორც გადაცემას - "Forbes კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად" კომპანიის დამფუძნებელმა ანზორ ქოქოლაძემ განუცხადა, შიდა განვადების ახალი სისტემა უახლოეს მომავალში ამოქმედდება.
ბიზნესმენი დეტალებზე არ საუბრობს, მაგრამ ამბობს, რომ შიდა განვადებით პროდუქციის შეძენისას ხელშეკრულება "ტექნო ბუმსა" და კლიენტს შორის დაიდება.
"რა თქმა უნდა, ვცდილობთ, გამოსავალი ვიპოვოთ და ის დანაკარგი, რაც 1 იანვრიდან ამოქმედებულმა საბანკო რეგულაციებმა გამოიწვია, შევივსოთ, რადგან იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით, გაყიდვები 50%-ით არის შემცირებული. უახლოეს პერიოდში დავიწყებთ შიდა განვადებებს და ალბათ, სხვა საცალო ქსელებიც და სამშენებლო კომპანიებიც ამ გზას დაადგებიან. ჩვენ უკვე მიღწეული გვაქვს შეთანხმება პარტნიორ კომპანიებთან და სავარაუდოდ, აპრილიდან ამ პროდუქტს ჩავუშვებთ. შიდა განვადების სქემაში, რაც ჩვენ შევიმუშავეთ, სამი კომპონენტი მონაწილეობს - ერთია მწარმოებელი ანუ იმპორტიორი, რომელიც გვაწვდის პროდუქციას, მეორე მხარე ვართ ჩვენ - ანუ საცალო ქსელები და მესამე კომპონენტს წარმოადგენს საკრედიტო ინსტიტუტები, რომლებმაც უნდა მართონ და დააზღვიონ რისკები. საკრედიტო ინსტიტუტში არ ვგულისხობ ბანკებს, ბანკები, ბუნებრივია, ვერ მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ აქ საუბარია, მისო-ებსა და კოლექტორულ კომპანიებზე, რომლებიც პასუხისმგებლობას აიღებენ გაცემული სესხის გადახდაზე", - განაცხადა ბიზნესმენმა.
კითხვაზე - რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი ვერ დაფარავს განვადების თანხას, როგორც ანზორ ქოქოლაძემ განმარტა, სწორედ ასეთ სიტუაციაში ჩაერთვებიან კოლექტორული კომპანიები.
"კლიენტსა და ჩვენს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში იქნება ჩანაწერი, რომლის თანახმად, ჩვენ უფლება გვექნება, რომ გადახდასთან დაკავშირებული პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, გავყიდოთ ეს სესხი... განვადება", - განმარტა მან.
მისივე თქმით, შიდა განვადების დამტკიცებას ხუთიდან ათ წუთამდე უნდა დასჭირდეს, რათა მომხმარებლისთვის პროცესი კომფორტული იყოს.
რაც შეეხება იმას, რა კრიტერიუმით იხელმძღვანელებს "ტექნო ბუმი" განვადების დამტკიცებისას, როგორც ანზორ ქოქოლაძე აცხადებს, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იქნება საკრედიტო ისტორია, რომელსაც პარტნიორი საკრედიტო ინსტიტუტები "კრედიტ ინფოს" ჩანაწერებში გადაამოწმებენ.
"საკრედიტო ისტორიას, კლიენტის წარსულს, შემოსავლებსაც მიექცევა ყურადღება, მაგრამ შემოსავლებს იმ წონის ყურადღება არ მიენიჭება, რასაც ახლა ეროვნული ბანკი ახალი რეგულაციებით ითხოვს. ხომ ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობის 50% დასაქმებულია სოფლად, აგრარულ სექტორში, ანუ მას არ აქვს ოფიციალური შემოსავალი, ვერ ადასტურებს და ამის გამო სრულიად უნდა იყოს შეზღუდული და არ უნდა ჰქონდეს კრედიტზე ხელმისაწვდომობა?!", - აცხადებს ბიზნესმენი.
"Forbes კვირის" კითხვაზე - ჰქონდა თუ არა "ტექნო ბუმს" შიდა განვადების პროდუქტის დანერგვასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან კომუნიკაცია, ანზორ ქოქოლაძემ განაცხადა, რომ „ეს არაა ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ მყოფი გარიგება".
"შესაბამისად საჭიროებაც არაა, რომ ეს კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან გვქონოდა", აღნიშნა მან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ