23.აგვისტო .2019 16:50

"ტექინსპექტირების რეფორმას შესაძლოა საფრთხე შეექმნას, გაზრდილია კორუფციის რისკები"

views 285
უკან

"ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარის დავით მესხიშვილის განცხადებით, ტექინსპექტირების რეფორმა გარკვეული პრობლემებით მიმდინარეობს და მათ გადაჭრა ესაჭიროება.

"ესაა არაერთგვაროვანი მიდგომა ინსპექტირებისას, არის პრობლემები პროგრამებთან, ელექტრონულ ბაზასთან დაკავშირებით. დღემდე ვერ ხდება ინფორმაციის სწორად გადამუშავება, რათა სწორად დავგეგმოთ სამომავლო გეგმები. ასეთ ვითარებაში იზრდება კორუფციის რისკები, რაც არის ძალიან საშიში. ამით პირველ რიგში ავტომფლობელები და ამ ბიზნესში ჩართული ადამიანები დაზარალდებიან", - ამბობს მესხიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ამ საკითხებზე მათ შესაბამის სტრუქტურებთან არაერთხელ ისაუბრეს, თუმცა გადაწყვეტილებები ჯერჯერობით არ ჩანს.

"ყველაზე მეტად გამოკვეთილ ხარვეზებზე, იქნება ეს არაერთგვაროვანი მიდგომა, თუ პრობლემები მენეჯმენტში, არაერთხელ გვქონდა კომუნიკაცია შესაბამის სტრუქტურებთან, თუმცა ჯერჯერობით ამის აღმოსაფხვრელად გადაწყვეტილებები არაა მიღებული. ჩვენ ამის გამოსასწორებლად გავწევრიანდით საერთაშორისო ორგანიზაცია CITA-ში, რომელიც პრესტიჟთან ერთად მეტ პასუხისმგებლობასაც მოიცავს და ჩვენს რეკომენდაციებს უფრო მეტი ძალა ექნება და მათი შეუსრულებლობა მთლიანად სექტორს დააზარალებს. გადაწყვეტილებების არ მიღებამ შესაძლოა, მთლიანად რეფორმა დააყენოს რისკის ქვეშ, რეფორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკოლოგიისთვის", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით, 1 იანვრიდან 31 ივლისამდე ტექნიკური ინსპექტირება საერთო ჯამში, 463 026 ავტოსატრანსპორტო საშუალებას ჩაუტარდა, საიდანაც 269 918 დახარვეზდა, 1 171 ავტოსატრანსპორტო საშუალებას კი გადაადგილება აეკრძალა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა