16.ივლისი .2019 21:10

"სებ-სგან ველოდებით ბარიერების მოხსნას"-მიზეზები, რის გამოც მისო-ების ბაზარი მცირდება

views 595
უკან

თუ შემოდგომაზე ახალი, ღრმა ჩავარდნა არ გვექნება, წლის ბოლოსთვის სექტორი ძველი ვალდებულებებისაგან გათავისუფლდება და 2020 წლისთვის ზრდა დაბრუნება“ - მიკროსაფინანსო ორგანზიაცია „კრისტალის“ დამფუძნებელმა „საქმიანი დილის“ ეთერში რეგულაციების შედეგად დამდგარი ფინანსური შედეგები მიმოიხილა.

არჩილ ბაკურაძის შეფასებით, ზრდის ტემპი შემცირებულია, თუმცა თუ ეროვნული ბანკი მათ წინაშე არსებული ბარიერების მოხსნას დაიწყებს, სექტორი 2020 წლისთვის გაჯანსაღებას დაიწყებს.

“არის ბევრი მცირე ტექნიკური საკითხები, რომლებიც ერთობლიობაში ქმნიან დიდ ბარიერს. მაგალითად შემოსავლების სამსახურის მონაცემებზე წვდომა. ჩვენ მხოლოდ ახლა ვიღებთ ამის შესაძლებლობას, მაშინ, როცა ბანკებმა 1 წლის წინ მიიღეს, ეს ყველაფერი დროში გაწელილია და მოქმედებს ფინანსურ შედეგებზე.

კიდევ არის საჯარო რეესტრის სერვისების მიწოდების საკითხები, ვერ ვხედავთ მიზეზს რატომ უნდა იყოს ეს ჩვენი მომხმარებლებისთვის შეფერხებული.

ასევე საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს ეხება ერთი თემა, 5 წლის წინ, როცა კანონი მიიღეს, ჩემთვის გაუგებარი მიზეზით ჩაიდო, რომ ელექტრონული ფულის პროვაიდერებს, საბანკო ანგარიშის კონკურენტებს, არ ჰქონდათ უფლება, რომ იურიდიული პირის ანგარიშები სრულყოფილად ეწარმოებინათ. ეს სრულიად არაკონკურენტუნარიან გარემოში გვაყენებს, შესაბამისად ესეც დავძარით და იმედია პარლამენტში მოხდება ამ გაუგებარი შეზღუდვის მოხსნაც.

მიმდინარე ფინანსური შედეგები რა თქმა უნდა კარგი არ არის. მომგებიანობა შემცირდა, ბაზარი შეიკუმშა, ხარჯები კვლავ გაზრდილია, იმიტომ რომ ასე სწრაფად არ ხდება თანამშრომლების გაშვება. კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომელიც მოქმედებს მოგებაზე არის გაზრდილი რისკების ხარჯი.

როგორც იცით სარისკო პორტფელი გაორმაგდა, ადამიანებს თანხებზე წვდომა შეუმცირდათ. იმედია ამასაც გადავიტანთ, მსესხებლების უფრო „ხარისხიან“ ახალ ნაკადს ველოდებით, ასევე ველოდებით მარეგულირებისგან ხელოვნური ბარიერების მოხსნას იმისთვის, რომ მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ. ქვეყნის ეკონომიკური ბლოკისგან და მართლმსაჯულებისგან უფრო ჭკვიანური და საქმიანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

ახლა ინვესტიციების მოსაზიდად საკმაოდ რთული პერიოდია. ისინიც მოლოდინის რეჟიმში იმყოფებიან და თუ კიდევ ახალი ღრმა ჩავარდნა არ გვექნება შემოდგომაზე, წლის ბოლოსთვის სექტორი ძველი ვალდებულებებისაგან გათავისუფლდება და 2020 წლისთვის ზრდა დაბრუნება. როგორც კი ზრდა დაბრუნდება, შესაძლებელი იქნება ინვესტიციების მოზიდვაც“ - განაცხადა ბაკურაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა