19.ივლისი .2019 21:10

"საბას" მოიჯარეები: ლარის გაუფასურების გამო, იჯარა 1200–დან 1500 დოლარამდე გაგვიძვირდა

views 859
უკან

ლარის გაუფასურების გამო, სავაჭრო ცენტრ "საბაში" მოიჯარეებს იჯარის თანხა 1200–დან 1500 დოლარამდე გაეზარდათ, თუმცა როგორც მოიჯარეები BM.GE-სთან საუბრისას განმარტავენ, მიუხედავად ამისა, ისინი ავეჯზე და საყოფაცხოვრებო ნივთებზე ფასს ვერ აძვირებენ, რადგან ეს მომხმარებლის კიდევ უფრო მეტად კლებას გამოიწვევს.
 
"საბაში" მოიჯარეები თვიურ ქირას დოლარის ექვივალენტით ლარში, საშუალოდ 1500–დან 8000 ლარამდე იხდიან. ზოგიერთი მათგანი კი საიჯარო თანხის შეღავათებზე საუბრობს.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ "საბაში" მოიჯარეებს განვადებებით გაყიდვები 30%-დან 99%-მდე შეუმცირდათ.

"ხალხი არ შემოდის და ვერაფერს ვყიდით, ვერც განვადებით და ვერც – ხელზე. გაყიდვები ძალიან შეგვიმცირდა, რადგან მომხმარებლებს სესხს არ უმტკიცებენ. კვირა ისე გავა, რომ ვერაფერს ვყიდით და თვეში ერთ დივანს თუ გავყიდით.

განვადებების ძველი სისტემა რომ დაბრუნდეს, კარგი იქნება. მაშინ ზოგ მომხარებელს ხელფასი დაფიქსირებული არ ჰქონდა, თუმცა განვადებებს იხდიდნენ. ჩვენ შიდა განვადება გავაკეთეთ და იმ პიროვნებამ 12 ათასი ლარის დავალიანება დაგვიტოვა და თანხა არ გადაგვიხადა. ანუ, ბანკის ჩართულობის გარეშე ჩვენ დავზარალდით. ლარის კურსი ჩვენზე ძალიან მოქმედებს, ჩათვალეთ, რომ რაც აქ დევს, უკვე დაკარგული გვაქვს.
 
"საბაში" ჩვენ ქირას დოლარის ექვივალენტით ლარში ვიხდით და საშუალოდ თვეში 1 200 დოლარი გვიწევს და აგვისტოდან 1500–მდე გაგვიძვირდა. ამას ემატება კომუნალური გადასახადი 100 დოლარამდე.

ორი მაღაზია გვქოდა და იმის გამო, რომ ქირას ვეღარ ვიხდით, ერთი დავტოვეთ. საწყობი სავსე გვაქვს ავეჯით. ავეჯს 3500 ლარში ვყიდდით, ხოლო ახლა მომხმარებლებს 2500 ლარად ვეხვეწებით, რომ წაიღონ.

ბანკიდან 15 000 სესხი გამოვიტანეთ იმის გამო, რომ იჯარა გადაგვეხადა", - აღნიშნა ერთ-ერთმა მოიჯარემ.