12.სექტემბერი .2019 13:00

"ლელოს" დამფუძნებელი: ადამიანები პოლიტიკაში ძალაუფლებისთვის მოდიან, ჩვენ პირიქით გავაკეთებთ

views 241
უკან

"ადამიანები პოლიტიკაში ძალაუფლებისთვის მოდიან, ჩვენ პირიქით გავაკეთებთ", - ამის შესახებ დღეს დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ან რომელიმე სახელის პარტია.

"ეს იქნება მწყობრად აწყობილი ჰორიზონტალური სტრუქტურა, კონკრეტული მიზნით, შედეგზე ორიენტირებული. მესმის, რომ პოლიტიკაში კონკრეტული თარიღები და მიზნები არ უნდა დასახო, იმიტომ რომ ადამიანები ძალაუფლებისთვის მოდიან. ჩვენ პირიქით გავაკეთებთ, ჩვენ კონკრეტულ თარიღებს და კონკრეტულ მიზნებს დავასახელებთ. ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად ან გამოვა ამ მდგომარეობიდან, ან ჩვენ ვიქნებით ამ ჭაობში, ეს მენტალური ჭაობია", - განმარტა ხაზარაძემ.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ყველა სფეროში 12 ლიდერია საჭირო.  

"ჩვენ 12 ლიდერს მოვძებნით ყველა სფეროში, ეს პროცესი დაწყებულია. 12 რეფორმატორს მედიცინაში, 12 რეფორმატორს განათლებაში, მრგვალი მაგიდების გარშემო 12 კაც ლიდერს სოფელში, 12 მამაკაცს და ქალბატონს რაიონში, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ვიღაც მესიის და ერთი კაცის გადასარჩენი კი არ არის, ეს არის თითოეული ჩვენგანის გადასარჩენი. ლიდერობა ქართველს ოდითგანვე მოსდევს. ილია ჭავჭავაძეც 12 ადამიანს ეძებდა, ინჟინერს, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მე მინდა, რომ ეს ძებნა დავიწყოთ ყველამ, თითოეულმა ჩვენგანმა გვერდზე მოვიხედოთ და ეს ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ჩვენ გარშემო არიან, ქვეყნის სამსახურისთვის შევკრიბოთ", - განმარტა "ლელოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა