17.აპრილი .2016 10:23

"კურორტ ახტალას სამედიცინო ტურიზმის ცენტრად გადაქცევას 15 მილიონი დოლარი სჭირდება"

views 1391
უკან

ახტალას კურორტი, რომელიც სამკურნალო მომსახურეობას უწევს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ვიზიტორებს, დღეს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. ობიექტი 2 წელზე მეტია საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შეიტანეს, თუმცა სახელმწიფომ ინვესტორი ჯერ ვერ მოიძია.

კურორტ ახტალას დირექტორის, გიორგი უტიაშვილის განცხადებით, კურორტის ინფრასტრუქტურა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია, რაც ხშირ შემთხვევებში ვიზიტორების უკმაყოფილებას იწვევს. მისი თქმით, კურორტზე 2012-2013 წლებში მხოლოდ გარე ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, თუმცა შენობები საკამოდ ძველია და განახლებას საჭიროებს. როგორც გიორგი უტიაშვილი ამბობს, კურორტის შეძენით ადგილობრივი ბიზნესმენები იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა შემდგომ მათ კურორტის ყიდვა გადაიფიქრეს. მისი თქმით, ახტალას სამედიცინო ტურიზმის ცენტრად გადაქცევის დიდი პოტენციალი აქვს, რადგან სამკურნალოდ იქ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ძალიან ხშირად ჩამოდიან.

"აქტიურ სეზონზე ჩვენთან მკურნალობის მიზნით 250-ზე მეტი დამსვენებელი ჩამოდის. მიუხედავად იმისა, რომ დამსვენებლები გვყავს, შენობების როგორც გარე, ისე შიდა ინფრასტრუქტურა და სამედიცინო აპარატურა განსაახლებელია. კურორტის განვითარებას და მისი სამედიცინო ტურიზმის ცენტრად გადაქცევას, 15 მილიონი დოლარი მაინც სჭირდება", - აცხადებს გიორგი უტიაშვილი.

ახტალა საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია, რომელიც გურჯაანის რაიონში მდებარეობს.