01.მარტი .2016 09:49

"კერძო პირების საკუთრებაში მიწების დარეგისტრირება წახალისდება და გამარტივდება"

views 1963
უკან

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქვეყანაში მოქმედ 400-მდე კერძო საამზომველო კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრის მიზანი საამზომველო საქმიანობის რეგულირების წესის შემუშავებაში კერძო კომპანიების ჩართულობა და ახალ ინიციატივებზე შეთანხმება იყო.

ახალი ინიციატივები უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული. მათი მიზანი სარეგისტრაციო პრაქტიკაში არსებული პრობლემების აღმოფხვრაა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, სრულდება პაკეტზე მუშაობა, რომელიც მოქალაქეს საშუალებას მისცემს, მარტივად დაირეგისტრიროს მიწა.

"ჩვენ ვასრულებთ მუშაობას იმ მნიშვნელოვან პაკეტზე, რომელსაც მთავრობას შევთავაზებთ ჩვენ და ეკონომიკის სამინისტრო, იმისთვის, რომ ჩვენმა გლეხებმა, ფერმერებმა, კერძო პირებმა შეძლონ, უფრო მარტივად დაირეგისტრირონ ის მიწები, რომელთაც აქამდე საბუთების ნაკლებობის, ხარვეზების, სხვა პროცედურების ან, თუნდაც, საფასურების გამო ვერ ირეგისტრირებდენ. ეს იქნება კომპლექსური პროექტი, რომ კერძო პირების კერძო საკუთრებაში მიწების დარეგისტრირება წახალისდეს და გამარტივდეს.
ამისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სწორი აზომვითი ნახაზი. ჩვენ ვიცით, რომ ამზომველები, რომლებიც ამ პროექტში სახელმწიფოს პარტნიორები უნდა იყვნენ, დღეს, სამწუხაროდ, ზომავენ მიწას სხვადასხვა ხელსაწყოთი, იმიტომ, რომ არ არსებობს ერთიანი სტანდარტი; ეს კი იწვევს უზუსტობებს, რაც მოქალაქეს აზარალებს. ჩვენ გვინდა, შევქმნათ ერთიანი სტანდარტი მათთან ერთად. ამიტომაც საქართველოს რეგიონებიდან მოვიწვიეთ 300-ზე მეტი ამზომველი და მათთან ერთად ვისაუბრებთ იმაზე, რამდენი დრო გვჭირდება იმისთვის, რომ გადავიარაღდეთ; იმისთვის, რომ საფასურები გახდეს გონივრული. გვსურს, მოვისმინოთ მათი აზრი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს აზომვითი ნახაზის დოკუმენტირების წესი", − განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით არ არის დადგენილი აზომვითი საქმიანობის ერთიანი სტანდარტი და საამზომველო საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის სამართლებრივი საფუძვლები. ახალი პაკეტი აღნიშნული ხარვეზის მოწესრიგებას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა