მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინტერ რაოს" მფლობელობაში არსებული "მტკვარი ენერგეტიკას" აქტივების გასხვისებაზე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია

56fba4a6c217f
დავით ჯალაღონია
30.03.16 14:02
1199
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის ინფორმაციით, "ინტერ რაოს" მფლობელობაში არსებული თბოელექტროსადგურის "მტკვარი ენერგეტიკას“ აქტივებით ერთ-ერთი ქართული კომპანიაა დაინტერესებული.
 
ვალიშვილის ინფორმაციით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ფაზაშია.

"ამ ობიექტის, როგორც ენერგეტიკის სექტორის გენერაციის ერთ-ერთი ობიექტის სალიცენზიო საქმიანობა, ბუნებრივია, არანაირ კავშირში არ არის იმასთან, თუ ვინ იქნება მისი პატრონი, იმიტომ რომ სალიცენზიო პირობები აბსოლუტურად სამართლებრივი სივრცეა, საქათველოს იურისდიქციაა და ვინც არ უნდა იყოს მისი პატრონი, საკუთრებაში ვისაც არ უნდა ჰქონდეს ის აქტივი, სრულყოფილად იმ წესებს უნდა დაექვემდებაროს, რომელიც ჩვენს კანონმდებლობაშია", - განაცხადა ვალიშვილმა.

მისივე განმარტებით, ე.წ მე-9 ბლოკი, რომლის მფლობელის შეცვლაზეც ახლა მიდის საუბარი, საკმაოდ მოძველებული ტექნოლოგიაა, დაბალი ეფექტურობით და თუ ინვესტორი მის გადაიარაღებას ეკონომიკურად მიზანშეწონილად ჩათვლის, ამას განახორციელებს.

"მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მთავარია ერთი რამ - ეს არის გენერაციის ობიექტები, რომელთაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ღირებულება აქვთ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და ბუნებრივია, ის სალიცენზიო პირობები ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.