05.აპრილი .2016 12:29

"გვაქვს ამბიცია, რომ საქართველოს გავლით იმოძრაოს მნიშვნელოვანი რაოდენობის ტვირთებმა"

views 1185
უკან

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისში ვიზიტად მყოფ საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის თავმჯდომარესთან, ლიუ იანზონგთან ერთად სასტუმრო "თბილისი მარიოტში“ გამართულ შეხვედრას დაესწრო. ვიცე-პრემიერმა შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ისაუბრა აბრეშუმის გზის განვითარების მნიშვნელობაზე არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონისა და პროექტში მონაწილე ქვეყნების სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის.
 
საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატა 2015 წელს შეიქმნა ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში. მასში გაერთიანებულია რეგიონის უმსხვილესი კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს, როგორც „აბრეშუმის გზის“ უძველესი ქვეყნის აქტიური ჩართვის ხელშეწყობით რეგიონულ პროექტებში. როგორც შეხვედრაზე ითქვა, საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის თავმჯდომარისა და თანმხლები დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანია კომუნიკაციის ახალი პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს აბრეშუმის გზის რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებასა და კონსოლიდირებას.

"საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია აბრეშუმის გზის განვითარება. ჩვენს ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ვითარდება და შესაბამისად, ამით უფრო ვაძლიერებთ ჩვენს მდგომარეობას აბრეშუმის გზაზე. ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთბრუნვა ამჟამად წლიურად ხუთას მილიონ ტონას შეადგენს და ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის კვალდაკვალ, ამ ტვირთბრუნვის ნაწილი აუცილებლად უნდა გადმოვიდეს საქართველოზე. ეგრეთწოდებული ცენტრალური გზა, რომელიც საქართველოზე გადის, ნამდვილად ყველაზე მოკლეა, რომელიც აკავშირებს ჩინეთს და ევროპას და ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საქართველოს გავლით იმოძრაოს მნიშვნელოვანი რაოდენობის ტვირთებმა. ეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას კეთილდღეობას, დამატებით სამუშაო ადგილებს, დამატებით ცოდნას და ინფრასტრუქტურას", - განუცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა