12.ივლისი .2019 18:20

"გრინვეი" „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციას“ პასუხობს

views 1022
უკან

„გრინვეი“-ში „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციას“ პასუხობენ და აცხადებენ, რომ ტექინსპექტირების ცენტრი ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული შეთანხმების ფარგლებში ყველა ვალდებულებას ასრულებს.

„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის“ მტკიცებით, კომპანია “გრინვეი“ არ ასრულებს ეკონომიკის სამინისტროს რეკომენდაციას და ნაცვლად მთიანი რეგიონისა, გადასატან ხაზს უმეტესად ათავსებს ახალციხის ცენტრში, უკვე არსებული ინსპექტირების ცენტრის მიმდებარედ. კომპანია „გრინვეი“ ფლობს ინსპექტირების სამ მოძრავ ხაზს. ეკონომიკის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად მოძრავი ხაზით კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მთიან რეგიონებში ავტომობილთა ინსპექტირება, მათ შორის არის სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მთიანი რეგიონებიც.

„მობილური ხაზი არის უნივერსალური, რაც ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ტექინსპექტირების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა, ამიტომ, ის მოცულობით საკმაოდ დიდია და იმისათვის, რომ ტექნიკამ გამართულად იმუშაოს და ტექინსპექტირების ჩატარება შეძლოს სასურველია იყოს სწორი ზედაპირი, ან ხრეშით მოსწორებული.

სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ასეთი ტერიტორიის მოძიებისას რამდენიმე სახის პრობლემებს ვაწყდებით. მის მოწყობას შესაბამისი ნებართვები სჭირდება და ამის საქმის კურსში არის როგორც ეკონომიკის სამინისტრო, ასევე ზედამხედველი სსიპ-ები.

ქედის მუნიციპალიტეტში მობილური ხაზით თვე-ნახევრის განმავლობაში ვიყავით და ვერ მოიძებნა ადგილი, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში გადაგვეტანა. ჩვენ ახლა დროებით ვართ ბათუმში და როდესაც ადგილი მოიძებნება მობილურ ხაზს შესაბამის მუნიციპალიტეტში განვათავსებთ,“ - განაცხადეს „გრინვეიში“.

როგორც ტექინსპექტირების ცენტრში აღნიშნეს, აგვისტომდე მობილური ხაზის განთავსებასთან დაკავშირებით კომპანიას ამჟამად მოლაპარაკება შუახევის, ხულოს და მესტიის მუნიციპალიტეტებთან აქვს. ასევე კომპანიაში აცხადებენ, „გრინვეის“ მობილური ხაზები ყველა მუნიციპალიტეტში მივა. ის უკვე იყო ქედის, ცაგერის, სტეფანწმინდის და მარტვილის მუნიციპალიტეტებში.

ცნობისთვის, „გრინვეიმ“ ბაზარზე ოპერირება 2019 წლის იანვრიდან დაიწყო. ამჟამად კომპანიის მობილური ხაზები განთავსებულია ბათუმში, ახალციხეში და მარტვილში.
„გრინვეი“ საქართველოში ყველაზე დიდი ტექინსპექტირების ცენტრია და მას ჯამში 26 სტაციონალური სადგური აქვს, საიდანაც 10 თბილისშია განთავსებული, ხოლო 16 რეგიონში. გარდა ამისა „გრინვეის“ აქვს სამი მობილური ხაზი რომლის მეშვეობითაც სწორედ იმ მოსახლეობას ემსახურება, ვის რეგიონშიც სტაციონალური სადგურები არ არის.

სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში 2018 წელს კომპანია “გრინვეიმ” გაიმარჯვა. კომპანია “გრინვეი საქართველომ”, გამოცხადებული ტენდერის პირობების გათვალისწინებით, აიღო ვალდებულება უზრუნველყოს 51 ახალი ხაზის გამართვა მთელი საქართველოს მასშტაბით.