28.მარტი .2016 16:19

"გამოკითხულთა 72%-მა მათ მიერ ბოლოს აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის მოცულობა არ იცის"

views 1348
უკან

Smart Campaign-ის და Bankable Frontier Associates (BFA)-ის მიერ ჩატარებული კვლევა - "მომხმარებელთა დაცვა და მიკროსაფინანსო სექტორი საქართველოში", კრედიტების პირობებისა და ვადების შესახებ კლიენტების ინფორმირებულობის დაბალ დონეზე მიუთითებს.

კვლევის პრეზენტაცია დღეს საქართველოს პარლამენტში გაიმართა. კვლევა, რომლის ფარგლებში 2015 წლის მარტიდან ივლისამდე 1000 ადამიანი გამოიკითხა, მომხმარებლებსა და მიკროსაფინანსოების ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტს მოიცავს.

პროექტის ავტორების ერთ-ერთი კითხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომხმარებლების მიერ აღებული კრედიტის საპროცენტო განაკვეთს ეხებოდა. კითხვაზე, "იცით თუ არა, რამხელაა თქვენ მიერ ბოლოს აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთი", რესპონდენტების 72%-მა უარყოფითი პასუხი გასცა, 28%-მა კი დადებითი.

გარდა ამისა, კვლევის ავტორებმა კლიენტებს არითმეტიკული კითხვა დაუსვეს - "თუ 10%-იანი საპროცენტო განაკვეთით ისესხებთ 2000 ლარს, რა თანხა უნდა დააბრუნოთ საერთო ჯამში?", - ამ კითხვაზე გამოკითხულთა 46%-მა სწორად უპასუხა, 22%-მა - არასწორად, 32%-მა კი საერთოდ ვერ გასცა პასუხი.

ამასთან, როგორც Smart Campaign-ისა და (BFA)-ის ანგარიში აჩვენებს, კლიენტებს აღებული სესხების სავალუტო რისკების შესახებ ნაკლები ინფორმაცია აქვთ.

"უაღრესად პრიორიტეტულია იმის უზრუნველყოფა, რომ კლიენტებს ესმოდეთ გაცვლითი კურსის მერყეობასთან დაკავშირებული რისკები. მისო-ებმა უნდა აუხსნან მომხმარებლებს, როგორ მკვეთრად შეიძლება მერყეობდეს გადასახდელი თანხის ოდენობა, გაცვლითი კურსის ცვლასთან ერთად. კლიენტებისთვის ამ რისკის ახსნაში დაგვეხმარებოდა მიკროსაფინანსო ქსელის, ან საჯარო მოხელეთა მიერ წარმოებული საჯარო საინფორმაციო კამპანია გაცვლით კურსებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია დააწესოს სანქციები იმ დაწესებულებების წინააღმდეგ, რომელთა კლიენტებმაც არ იციან, რა ვალუტაში აქვთ აღებული კრედიტი", - ნათქვამია ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა