11.სექტემბერი .2019 00:01

"ფულს ბედნიერება არ მოუტანია’’, - ჯეკ მა თანამდებობას ტოვებს-რა გეგმები აქვს Alibaba-ს დამფუძნებელს

views 17994
უკან

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ჩინელმა ბიზნესმენმა, კომპანია Alibaba Group-ის დამაარსებელმა და ხელმძღვანელმა ჯეკ მამ თანამდებობა დატოვა. 20 წლის განმავლობაში მან კომპანია ჩინეთში ყველაზე ძვირადღირებული გახადა და ბიზნესში ოქროს სტანდარტი დაამკვიდრა.


ინტერნეტ-გიგანტის "ალიბაბას" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობაზე უარი მილიარდერმა  თავის 55-ე იუბილეზე განაცხადა. მის ადგილზე აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე დენიელ ჭანგი დაინიშნა. Wall Street Journal-ის ცნობით, ჩინეთის ხანგჭოუს სტადიონზე მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი თავის ათიათასობით თანამშრომელს დაემშვიდობა.


ჯეკ მამ, 17 პარტნიორთან ერთად, ჩინური საცალო გაყიდვების ინტერნეტ კომპანია Alibaba 1999 წელს დააარსა. 20 წლის შემდეგ, კომპანია სახალხო რესპუბლიკაში ყველაზე ძვირადღირებული გახდა; მისი საბაზრო ღირებულება დაახლოებით, 460 მილიარდი დოლარია და 66,000 ადამიანს ასაქმებს. Forbes- ის მიერ 2019 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნებული მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ჯეკ მამ მე-19 ადგილი დაიკავა; მისი ქონება 38,6
მილიარდ დოლარად შეფასდა.




მულტიმილიარდერი კომპანიის დირექტორთა საბჭოში ე.წ. Alibaba Partnership -ში  სიცოცხლის ბოლომდე დარჩება. ამავდროულად მა Alibaba-ს უდიდესი აქციების 6%-ის მფლობელია.

როგორც დასავლური გამოცემები იუწყებიან, წასვლის შემდეგ მილიარდერი გეგმავს დაუბრუნდეს სამუშაოს, რითაც თავისი კარიერა დაიწყო. კერძოდ, ჯეკ მას კვლავ სურს გახდეს მასწავლებელი ("ალიბაბას" დაარსებამდე, მა ინგლისურ ენას ასწავლიდა) 2019 წლის მაისის ინტერვიუში ჩინელი მილიარდერი აცხადებდა, რომ იგი კვლავ ახალგაზრდად მიიჩნევს თავს და მზადაა, კიდევ 15 წელი დაუთმოს პედაგოგიურ საქმიანობას.


"ამ სახით მას ბიზნესიდან წასვლა, შეიძლება ჩაითვალოს ოქროს სტანდარტად ტექნოლოგიურ კომპანიებში".  - განუცხადა Business Standart -ს ინვესტორმა და პეკინის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეფრი ტოუსონმა, რომელსაც ჩინურ კომპანიაზე არაერთი წიგნი აქვს დაწერილი.


”მან მოახერხა ის, რაც სტივ ჯობსმა, ბილ გეიტსმა და ჯერი იანგმა ვერ შეძლეს, თავი გახადა არასაჭირო", - განმარტა პროფესორმა. ჯეფრი ტოუსონის ვარაუდით, ჯეკ მას მიერ დაარსებული კომპანია მინიმუმ 102 წელი წელი გააგრძელებს წარმატებულად ბაზარზე ოპერირებას.




აღსანიშნავია, რომ ჯეკ მას განცხადებები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მუდამ ხვდებოდა. მას იტაცებდნენ ასევე სოციალური ქსელის მომხმარებლებიც. თებერვალში მან  განაცხადა, რომ მისთვის ფულს ბედნიერება არ მოუტანია. ბიზნესმენის თქმით, ის ცხოვრებისგან უფრო კმაყოფილი იყო, როცა უნივერსიტეტში სწავლა დაასრულა და თავისი პირველ ხელფასი აიღო.


დაკავებული პოზიციიდან გადადგომის შემდეგ, ჯეკ მა დროის დიდ ნაწილს და ენერგიას ფილანთროპიას მოახმარს, ბიზნესმენს ქველმოქმედებით აქტიურად დაკავება სურს.