მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფრონტერას" გაზის მარაგების შესახებ დოკუმენტაციის წარდგენა სასამართლოს იძულებით აქვს დავალებული

56b224e26f3ce
BM.GE
04.02.16 09:40
3901
აღმოსავლეთ საქართველში არსებული გაზის მარაგები 5 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს, - განცხადება კომპანია "ფრონტერას" ხელმძღვანელს ეკუთვნის. საქართველოში აღმოჩენილ გაზის მარაგებზე მან ატლანტიკურ საბჭოში განაცხადა.
 
მწარე ხევის საბადოზე გაზის მსგავსი მოცულობის მარაგების არსებობას უარყოფენ საქართველოს ნავთობისა და გაზის სააგენტოში. სააგენტოს ხელმძღვანელი, გიორგი ტატიშვილი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ თავის სალიცენზიო ფართობზე აღმოჩენა გააკეთა, მან აღნიშნულის შესახებ სახელმწიფოს უნდა აცნობოს, თუმცა ამ დრომდე კომპანიას სახელმწიფოსთვის არ მიუმართავს.

"ფრონტერამ" საქართველოში გაზის მარაგების აღმოჩენაზე განცხადება გასულ წლებშიც გააკეთა. კომპანია ამბობდა, რომ საქართველოში 40 მილიონ კუბურ მეტრ გაზზე მეტი მოცულობის მარაგებია, თუმცა შესაბამისი დოკუმენტაცია კომპანიას არც მაშინ წარუდგენია, რის გამოც ნავთობისა და გაზის სააგენტომ "ფრონტერა" ერთხელ უკვე დააჯარიმა.

"კომპანია ფრონტერა უარს აცხადებდა ამგვარი მარაგების დოკუმენტების წარდგენაზე, შესაბამისად ჩვენ ის დავაჯარიმეთ. კომპანიამ ჯარიმა გაასაჩივრა, სასამართლო კი დამთავრდა სააგენტოს გამარჯვებით", - განმარტავს გიორგი ტატიშვილი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანიამ მარაგების შესახებ ინფორმაცია, გაზაფხულზე უნდა წარადგინოს.

"კომპანია საქართველოში 1996 წლიდან ოპერირებს. ამ პერიოდის განმავლობაში მას საქართველოში საკმაოდ დიდი ფულადი რესურსი აქვს დახარჯული. ჩვენი ურთიერთობები კონტრაქტის მიხედვით საკმაოდ მკაცრად არის გაწერილი. შესაბამისად ყველა ნაბიჯი კონტრაქტის დებულებებთან არის შესაბამისობაში. რასაც გარკვეულ შემთხვევაში კომპანია არ ასრულებს", - განმარტავენ ნავობისა და გაზის სააგენტოში. გიორგი ტატიშვილის ინფორმაციით, კომპანიის გეგმები ამ ეტაპზე მწარე ხევის საბადოზე 23 მილიონი კუბური მეტრი გაზის ათვისებაა.

რაც შეეხება საქართველოში 5 ტრილიონი კუბური მეტრი გაზის შესაძლო არსებობას, სააგენტოს ინფორმაციით აღნიშნული ციფრები მწარე ხევის საბადოზე არსებული მარაგებისგან საკმაოდ შორს არის.