06.მაისი .2016 16:17

"ბლოკჩეინი ოპერაციების ავტომატიზირების და შესასრულებელი სამუშაოს შემცირების საშუალებას იძლევა"

views 1824
უკან

საჯარო რეესტრი უსაფრთხოების ბლოკჩეინ სისტემის გამოყენებას საპილოტე პროექტის ფარგლებში იწყებს. ბლოკჩეინი რეგისტრაციის საფასურს დაახლოებით 95%-ით შეამცირებს. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც უძრავი ქონების რეგისტრაციისთვის მსოფლიოს უახლეს ბლოკჩეინ სისტემას გამოიყენებს.
 
ბლოკჩეინ სისტემის დანერგვაზე "ბიზნესკონტაქტთან" საჯარო რეესტრის IT ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი კობიაშვილი საუბრობს.

- ბატონო გიორგი, რას გვეტყოდით საპილოტე პროექტზე?

- უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ ბლოკჩეინი ახალი ტექნოლოგიაა, რომელიც ბოლო 6 წლის განმავლობაში ვითარდება და რადიკალურად ახალ შესაძლებლობებს იძლევა. რეალურად აქამდე არსებული ტექნოლოგიებით შექმნილი სისტემები საშუალებას არ იძლევა, რომ არსებული მონაცემების ვალიდურობა დადგინდეს კრიპტოგრაფიულად, რაშიც ადამიანიც გარკვეულად ჩართულია. შესაბამისად, ყველა პროცესის ადამიანების მიერ შესწავლა ხდება და რეგისტრაციების ღირებულებაც შესრულებული სამუშაოებიდან გამომდინარეობს. ბლოკჩეინს რაც შეეხება, ის საშუალებას იძლევა, რომ გარკვეული ოპერაციები სრულად ავტომატიზირებული გახდეს. ეს კი შესასრულებელი სამუშაოს რაოდენობის შემცირებას, რაც თავისთავად ხარჯების შემცირებას გამოიწვევს.

- BitFury Group-თან ერთად პროცესების გამჭვირვალობას როგორ აფასებთ?

- თვითონ ბიტკოინი და ბლოკჩეინი მთელი თავისი არსით და ბუნებით მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობს თუ მასში მაქსიმალურად მეტი მონაწილეა ჩართული, ანუ ტექნოლოგიის ფუნდამენტში უკვე ჩადებულია გამჭვირვალობა. ამ შემთხვევაში სხვა გზა არ იქნება, ტექნოლოგია ყველა ვარიანტში იძლევა ამის საშუალებას.
ამ ტექნოლოგიის წარმატება და აღიარება ზუსტად იქიდან მომდინარეობს, რომ ყოველი ტრანზაქციის გადამოწმება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია არსებული ინსტრუმენტებით, ან ახლის შექმნით.

- სახელმწიფოს ამ პროექტის განხორციელება რა დაუჯდება?

- უპირველესად, ეს არის ისეთი ტექნოლოგია, რომელიც ადრე თუ გვიან ფეხს აუცილებლად მოიკიდებს. იმიტომ, რომ რეალურად ახალი შესაძლებლობები შეიქმნა, რომლებიც აქამდე არ არსებობდა და ეს ტექნოლოგია ცალსახად გამოყენებადი იქნება. რა ფორმით და რა სახეს მიიღებს ამას უკვე პრაქტიკა გვაჩვენებს. ხარჯებს რაც შეეხება, ჩვენი მემორანდუმის ფარგლებში BitFury მაქსიმალურად გვეხმარება როგორც კვალიფიკაციით, ასევე დეველოპერებით, პროგრამისტებით და მათი მხრიდან შესასრულებელი სამუშაოების შემცირება მაქსიმალურად ხდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა