18.აგვისტო .2019 18:00

"ანაკლიაში ტურისტების უმეტესობა რუსეთიდან და სომხეთიდანაა"

views 469
უკან


„სასტუმრო სრული დატვირთვით მუშაობს მხოლოდ ერთი კვირა, ფესტივალის დღეებში, დანარჩენი, მთელი სეზონის განმავლობაში სიცარიელეა, რადგან სხვა არაფერი არ ხდება და არც ტურისტები იცნობენ ანაკლიას, რომ სურვილი გაუჩნდეთ მისი ნახვის,“ - ასე აფასებს, განმუხურში მდებარე 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს Anaklia Resort Pratap’s Signature-ის მენეჯერი მაია მურაჩაშვილი ზაფხულის ტურისტულ სეზონს ანაკლიაში.

მისი თქმით, „მთელი წლის განმავლობაში, ასე თუ ისე იმუშავა სასტუმრომ, მაგრამ მაის ტურიზმის ხარჯზე - იყო კონფერენციები და ტრენინგები.

"უცხოელი აქ არ ჩამოვა, რადგან არ იცის სამეგრელოს ზღვისპირა ქალაქის შესახებ. ახლა კი 22-დან 25 მდე სასტუმროს დატვირთულობა ასპროცენტიანია, თუმცა ფესტივალის დასრულებისთანავე ყველა დატოვებს რეგიონს. არ ვიცი წინა წლებში რა ხდებოდა, რადგან სასტუმრო, წელს გაიხსნა, თუმცა ვფიქრობ, დიდი სხვაობა არ იქნება წინა წელთან შედარებით,“ - აღნიშნა მაია მურაჩაშვილმა.

Anaklia Resort Pratap’s Signature-ის მენეჯერის თქმით, სასტუმროში ყველა ის არტისტია განთავსებული, ვინც უნდა დაუკრას, ხოლო რაც შეეხება სტუმრებს, ძირითადად, ქართველები, სომხები და რუსები არიან.

„რუსულ ტურისტულ ემბარგოს ხელი არ შეუშლია რუსებისთვის, ისინი მაინც ჩამოდიან, ყოველ შემთხვევაში, ჯავშნების უმეტესობა ამ ქვეყნიდან არის. არ ვიცი რა გზით შემოდიან საქართველოში - სახმელეთო თუ საჰაერო, თუმცა დაინტერესება რომ დიდია, ამას მოწმობს ჯავშნების რაოდენობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, აუცილებელია, გავაგებინოთ სხვა ქვეყნებსაც ანაკლიისა და ელექტრონული ფესტივალის შესახებ. საჭიროა, მარკეტინგული კამპანია და მეტი ფესტივალის ან ღონისძიების ჩატარება ამ რეგიონში, რადგან ცნობადობა არის დაბალი, ასევე ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია და მზადება მხოლოდ წინასაფესტივალოდ იწყება ხოლმე, შემდეგ მთელი წელი არაფერი ხდება,“ - აღნიშნავს მურაჩაშვილი.

შეგახსენებთ, რომ Anaklia Resort Pratap’s Signature ანაკლიაში, კერძოდ განმუხურში ინდური ინვესტიციით გახსნილი 5–ვარსკვლავიანი კოტეჯური კონცეფციის სასტუმროა, რომლის მშენებლობაშიც 10 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა