19.ივლისი .2019 20:30

"2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება" - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?

views 571
უკან

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მიწისქვეშა გაზსაცავის სკოპინგის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადების პირველი ეტაპის პროცედურაა.

აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, საქართველო სხვადასხვა ენერგორესურსების სატრანზიტო დერეფანს წარმოადგენს, შესაბამისად, ევროპისთვის საქართველო ნავთობითა და გაზით მომარაგების კუთხით უმნიშვნელოვანეს პარტნორად მოიაზრება.

არსებული მდგომარებით, საქართველოში ბუნებრივი აირით მომარაგება თითქმის სრულად ხორციელდება რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან. ამ მხრივ, წლების მანძილზე საქართველო დამოკიდებული იყო რუსეთზე, თუმცა, გაზის უსაფრთხო მიწოდების თვალსაზრისით, სამხრეთ კავკასიის მილსადენმა დიდი სარგებელი მოუტანა საქართველოს.

მთელი წლის განმავლობაში ბუნებრივი აირის მოხმარების პროფილი მკვეთრად იცვლება - ზამთარში გაზზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, ხოლო ზაფხულში მისი მოხმარება ძალზედ მცირდება. საქართველოში ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია გაზის უწყვეტი მიწოდება. ამჟამად, საქართველოს ენერგომომარაგებაზე მოდის ბუნებრივი გაზის თითქმის ნახევარი.

ანგარიშის მიხედვით, 2030 წლისათვის გაზზე მოთხოვნა სავარაუდოდ გაორმაგდება. შესაბამისად, ფასების შესაძლო ცვლილების გამო, იმპორტზე დამოკიდებულება და ეკონომიკაზე გავლენა გაიზრდება.

შეგახსენებთ, გაზის ბალანსის 2018 წლის მონაცემებით, საქართველო წელიწადში დაახლოებით 2,5 მლრდ მ3 გაზს მოიხმარს.

"მიწისქვეშა გაზსაცავის არსებობა უზრუნველყოფს სარეზერვო მარაგს, რომელიც ხელს შეუწყობს გაზის უწყვეტ იმპორტს და ენერგომომარაგების უსაფრთხოებას საქართველოში.

მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე, აგრეთვე 2016 წელს კომპანია GEOSTOCK-ის მიერ შემუშავებულმა პროექტის ტექნიკურმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ მიწისქვეშა გაზსაცავის მოწყობისათვის სამგორის სამხრეთი თაღს, როგორც ტენიკურად, ასევე გეოლოგიურად შესაფერისი ადგილია. გაზსაცავის მშენებლობის ძირითად ეტაპზე, დაახლოებით 250 მუშახელი დასაქმდება", -ნათქვამია ანგარიშში.

გაზსაცავის სამშენებლო ვადებმა არაერთხელ გადაიწია. ბოლო ინფორმაციით, მისი დასრულება 2023 წელს იგეგმება. პროექტის ბიუჯეტი 250-300 მილიონი დოლარია.

"ნავთობისა და გაზის კორპორაციის" ინფორმაციით, გაზსაცავის მშენებლობას ერთის მხრივ, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დააფინანსებს. უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება, რომლის შედეგად 150 მილიონი ევროს მოცულობის სესხის გამოყოფა მოხდა. მეორეს მხრივ კი, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპის საინვესტიციო ბანკთან 100 მილიონი დოლარის სესხით დააფინანსებასთან დაკავშირებით.