მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვების დასახმარებლად ფონდი Salve დაფუძნდა

56d82ffb05bbc
BM.GE
03.03.16 16:36
1813
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ ანტუან ბარდონთან ერთად, ფონდი „Salve” დააფუძნა. ფონდს პირველი შემწირველები უკვე გამოუჩნდა - საფრანგეთის ყოფილი ელჩი საქართველოში რენო სალენსი და საქართველოში მოღვაწე ფრანგი, ქართველი და ამერიკელი ბიზნესმენები.
 
ფონდს ორი კონკრეტული მიზანი ექნება: ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვებისთვის პროექტების დაფინანსება; სოციალურად დაუცველ ახალშობილ ბავშვებში კვების დეფიციტის აღმოფხვრის ხელშეწყობა.

"ფრანგ მეგობრებთან ერთად დღეს დავაფუძნეთ ფონდი, რომელიც ხელს შეუწყობს ისეთი პროექტების დაფინანსებას, რომელის დახმარებითაც ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს ერთხელ და სამუდამოდ გავარიდებთ ქუჩას. გარდა ამისა, სოციალურად დაუცველ ახალშობილებს, როცა მათი მშობლები იუსტიციის სახლებში დაბადების რეგისტრაციისთვის მობრძანდებიან, გადავცემთ სპეციალურ სასაჩუქრე პაკეტს. პაკეტში, სხვა საბაზისო საჭირო ნივთებთან ერთად, იქნება ის ვიტამინებიც, რომლებიც UNICEF-ის სტანდარტით კვების დეფიციტის აღმოფხვრისთვის არის აუცილებელი. დღეს საქართველოში 100 000 ბავშვზე მეტი კვების დეფიციტის მქონეა, რაც მათ ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას ხელს უშლის. ამ დეფიციტის აღმოფხვრა ურთულესია ორი წლის ასაკის შემდეგ. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ამ ფონდის ერთ-ერთი მიზანი ბავშვების კვების დეფიციტის აღმოფხვრის ხელშეწყობა იყოს. მადლიერებით ვარ სავსე საქართელოს ფრანგი მეგობრების, განსაკუთრებით კი ბატონი ანტუან ბარდონისადმი ჩვენი ქვეყნის ყველაზე შეჭირვებული ბავშვების მხარდაჭერისთვის", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ფონდი გასულ კვირას, ყაზბეგში, საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გალა ვახშამზე დაფუძნდა. გაიმართა აუქციონი, სადაც მოწვეულმა ბიზნესმენებმა საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისათვის სხვადასხვა ორგანიზაციების, ხელოვანებისა და სპორტსმენების მიერ გადაცემული ნივთები შეიძინეს. პირველი 10 ათასი ლარი უკვე შეგროვდა. საერთაშორისო საადვოკატო ფირმის "დეკერტის" ხელმძღვანელმა საქართველოში ნოკოლა მარიანიმ ფონდს, თავისი საქველმოქმედო პოლიტიკის ფარგლებში, უსასყიდლო საადვოკატო მომსახურება შესთავაზა.