მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პროგრამას შესაძლოა, მედიკამენტები დაემატოს

5d31b043495f5
თათია ჩაფიჩაძე
19.07.19 16:05
981
"ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის" პროგრამას, მომავალი წლიდან სავარაუდოდ, ახალი წამლები დაემატება", - ამის შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში სტუმრობისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიამ ათვისების დაბალი მაჩვენებლების მიზეზად ინფორმირებულობის დონე დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველა ოჯახის ექიმის გადამზადება იგეგმება.

"პროგრამის საჭიროება ძალიან მაღალია, თუმცა სარგებლობა ძალიან ნელა მოხდა. ჩვენი წუხილი გახლდათ ის, ხომ არ იყო ადმინისტრაციული სტრუქტურა რთული. მოგეხსენებათ, წამლის მისაღებად ბენეფიციარებს სჭირდებათ ექიმისგან „ფორმა N100“, დარეგისტრირება სოციალური მომსახურების სააგენტოში, შემდეგ აფთიაქში მისვლა. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და 98%-მა თქვა, რომ ეს არ არის პრობლემა. მთავარი მიზეზი რაც გამოვავლინეთ, იყო ინფორმაციის ნაკლებობა და ის, რომ ექიმისგან ვერ მიიღო დამაჯერებელი რჩევა იმის შესახებ, რომ მედიკამენტი სისტემურად უნდა მიეღოთ. ექიმებშიც არის პრობლემა, განსაკუთრებით კი რეგიონების დონეზე.

გვაქვს ბევრი შემთხვევა ჩართვის და შემდეგ მიტოვების, რაც მანიშნებელია იმისა, რომ ქცევა მოსახლეოების მხრიდან არ არის ისეთი, რაც მისი გრძელვადიანი გართულებების თავიდან არიდების საშუალებას მოგვცემს.

დაშვება გვქონდა, რომ ექიმები სამინისტროს სტანდარტული არხებით მიიღებდნენ ამ ინფორმაციას, თუმცა შედეგი ასეთი არ დადგა. ახლა იგეგმება ფოკუსირებული, საგანმანათლებლო 2–დღიანი კურსი კონკრეტულად ამ საკითხზე ყველა ოჯახის ექიმისთვის, სოფლად. ვფიქრობთ ბიუჯეტი საკმარისია იმისთვის, რომ ეს ყველაფერი წლის ბოლომდე მოიცვას და შემდეგ სამინისტრო ფიქრობს მექანიზმის დახვეწაზე. აქ შეიძლება გადავხედოთ მედიკამენტების ნუსხასაც, არ გამოვრიცხავ რომ დაემატოს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მედიკამენტების უზრუნველყოფის საჭიროებები არსებობს და სისტემატური ანალიზის საფუძველზე, ჯანდაცვის სამინისტრო მომავალი წლისთვის განახლებული პაკეტით წარდგება მთავრობის წინაშე", - განაცხადა გაბუნიამ.