მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართველის შვილი, შვილიშვილი და ა.შ", - ვინ მიიღებს ქართულ მიწას მემკვიდრეობით?

5c99c551895fb
დათო ჯალაღონია
26.03.19 11:13
1810
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების“ შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და მას მხარი დაუჭირა.

წარმოდგენლ დოკუმენტში არასამთავრობო სექტორს, საპარლამენტო ოპოზიციასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობის ერთ-ერთი საგანი კანონპროექტში მოცმული ჩანაწერია, რომლის თანახმად, ის უცხოელები, რომელთაც სასოფლო-სამეურნეო მიწა მემკვიდრეობით მიიღეს, ვალდებულნი არიან, მიწა დაამუშაონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მიწა 3 წლის ვადაში უნდა გაასხვისონ. მსგავსი რეულაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის მოცემული არ არის, ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ მიაჩნიათ, რომ აღნიშნული მიდგომა დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს.

გარდა ამისა, წარმოდგენილი დოკუმენტი კითხვებს მემკვიდრეობით მიღების უფლების მქონე უცხოელთა დეფინიციასთან დაკავშირებით აჩენს, რადგან კანონპროექტის ავტორმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ 13 მარტს, „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ მემკვიდრეობით მიღებული მიწის ფლობა მხოლოდ ეთნიკურად ქართველ უცხოეთის მოქალაქეს შეეძლება.

BM.GE-მ დეპუტატს დამატებითი კითხვებით მიმართა.

„ეთნიკური რატომ ამოწიეთ, ვერ ვხვდები. მაინტერესებს, ქართელი თქვენთვის ვინ არის? - საქართველოს მოქალაქე. ჩვენ საქართველოს მოქალაქეებზე ვსაუბრობთ, ოსია ის, აფხაზი თუ კახელი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

უცხოელებში იგულისხმება ქართველი, რომელსაც შეიძლება, ტექნიკურად ჰქონდეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ის, რომ საქართველოს ყოფილ მოქალაქეს ანუ ქართველს, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდეს, ჩემთვის ის უცხოელი არ არის. ძალიან სწორად და გასაგებად რომ ვთქვა, ეს არის ქართველები, ანუ საქართველოს მოქალაქეები, ან ყოფილი მოქალაქეები, რომელთაც ტექნიკურად შეცვლილი აქვთ მოქალაქეობა. ამ პიროვნებებზეა საუბარი, რომ მათ ექნებათ მემკვიდრეობით მიწის მიღების შესაძლებლობა“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

კითხვაზე - უცხოელებში იგულისხმებიან თუ არა არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირები, დეპუტატმა პასუხად აღნიშნა, რომ უცხო ქვეყნის ფიზიკური პირები სასოფლო-სამეურნეო მიწებს საქართველოში ვერ შეიძენენ.

„უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირს არ ექნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყიდვის უფლება. ქართველს, რომელსაც ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, არის ქართველის შვილი და შეიძლება, ამ კონკრეტული მომენტისთვის ჰქონდეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ტექნიკურად, რადგან ის ქართველია - იყო საქართველოს მოქალაქე, არის ქართველების შვილი, შვილიშვილი და ა.შ - ესენი არიან, ვისაც ექნებათ მემკვიდრეობით სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლება“, - განაცხადა კანონპროექტის ავტორმა.

ამ განმარტების შემდეგ BM.GE დაინტერესდა, შეძლებს თუ არა მემკვიდრეობით სასოფლო-სამეურნეო მიწის მიღებას მაგალითად, ბრიტანელი, რომელიც წარსულში საქართველოს მოქალაქე იყო.

„თუ მას აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ის არის საქართველოს მოქალაქე. ის არის ქართველი“, - განაცხადა პასუხად დეპუტატმა.

ცნობისთვის: კანონპროექტის თანახმად, „კანონით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება იყოს:

ა) უცხოელის საკუთრებაში, თუ მიიღო მემკვიდრეობით;
ბ) საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში, თუ დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით“.