მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველების დასაქმების რა პერსპექტივებია ისრაელში?

5d3729cb0838d
ლიკა გურაბანიძე
23.07.19 19:40
8850
საქართველოს მთავრობამ 8 ივლისს დადგენილება გამოსცა, რომელიც ისრაელსა და საქართველოს მთავრობებს შორის, დიპლომატიური ნოტების გაცვლის მიზნით მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს, ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დროებით დასაქმების მიზნით.
 
როგორც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელი იციკ მოშე გადაცემა "საქმის კურსში" საუბრისას აცხადებს, ისრაელში ამჟამად მოთხოვნა ორი ტიპის სამუშაო ადგილზეა - სასტუმრო ინდუსტრიაში და სამშენებლო სექტორში. მისივე განმარტებით, ქართველების დასაქმება სწორედ ამ ორი მიმართულებით არის შესაძლებელი.
  
"ჩვენ ისრაელში მცირე კვლევა გავაკეთეთ. სასტუმროებში მუშაობენ საქართველოდან ჩამოსული ადამიანები, რომლებიც ძალიან მაღალ დონეზე მუშაობენ. ჩვენ მათი სასტუმროების მენეჯერებს ვესაუბრეთ, რომლებიც მათი პროფესიონალიზმით კმაყოფილები არიან. აქ საუბარია იმაზე, რომ ისრაელს ყოველ წელს ათასობით ადამიანი სჭირდება და ჩვენი მიზანია კვოტები საქართველოსკენ წამოვიდეს, ვინაიდან, საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი არსებობს, რომელსაც უფრო მაღალი შემოსავალი სჭირდება, პროფესია აქვს და ისრაელში მუშაობის შედეგად თავის პროფესიულ ცოდნას აიმაღლებენ. მე გამოვყოფდი სასტუმრო ინდუსტრიას და სამშენებლო სექტორს", - განაცხადა ბიზნეს პალატის ხელმძღვანელმა.
 
იციკ მოშეს განცხადებითვე, სექტემბრიდან მთავრობებს შორის საკითხზე მოლაპარაკებების გაგრძელებას შესაძლებელია, დადებითი შედეგი ჰქონდეს.  

"ჩვენ მესამე სექტორი ვართ. შეგვიძლია, მთავრობას გავუწიოთ კონსულტაცია და რჩევები მივცეთ, რადგან ჩვენ ვიცით, რა ხდება ისრაელსა და სხვა ქვეყნებს შორის, ამიტომ ჩვენ ვიცით, რომ ეს საკითხი მიღწევადია.

ორი დღის წინ ისრაელის მთავრობის წარმომადგენლები, 25-კაციანი დელეგაცია, პარლამენტის წევრები საქართველოში იმყოფებოდნენ და მინდა გითხრათ, რომ ვიზიტის 50% ამ საკითხს დაეთმო. შეხვდნენ ქართველ კოლეგებს, მოისმინეს ჩვენი აზრები და ამ კავშირებში თავის წვლილს შეიტანენ.

იცით, რომ ისრაელში სექტემბერში არჩევნებია და მჯერა, რომ სექტემბრიდან ამ საკითხის გაგრძელება შეიძლება, ვინაიდან, პრემიერის ინიციატივა უკვე გამოიცა და მთავრობებს შორის ორმხრივი შეთანხმებით შესაძლოა, ამ საკითხზე რეზულტატი დადებითი იყოს", - განაცხადა იციკ მოშემ.