06.აპრილი.2019 18:11
ეკონომიკა, ტექნოლოგია

ქართველების მიერ დაფუძნებული ფინტეკ კომპანია, რომელმაც ინვესტორებისგან 70 მლნ ევრო "მოქაჩა"

ქართველების  მიერ დაფუძნებული ფინტეკ კომპანია, რომელმაც ინვესტორებისგან  70 მლნ ევრო "მოქაჩა"
კომპანია Raisin მსოფლიო ბაზრებზე უკვე 5 წელზე მეტია ოპერირებს და მომხმარებლისთვის ერთ მარტივ პრობლემას აგვარებს - ადარებს და გირჩევს სადეპოზიტო პროდუქტებს ევროპული ბანკების მასშტაბით. კერძოდ, პლატფორმა საშუალებას იძლევა, მარტივი ინტერფეისის საშუალებით, შეადარო ერთმანეთს სადეპოზიტო პროდუქტები; ასევე, პლატფორმა პატარა ბანკებს ეხმარება მიიღოს წვდომა სადეპოზიტო პროდუქტის შეძენით დაინტერესებულ ადამიანებთან.

კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, დღეისთვის, Raisin-ს დახმარებით, $11 მილიარდის ოდენობის თანხები განთავსდა დეპოზიტებზე 62 პარტნიორი ბანკის მასშტაბით. სულ პლატფორმას 160,000 მომხმარებელი ჰყავს 31 ევროპული ქვეყნიდან. საერთო ჯამში, მათ დეპოზიტზე დარიცხული პროცენტის სახით, $90 მლნ-ის სარგებელი მიიღეს.

დღეს კი, ფინტექ კომპანია, რომელიც გერმანიაშია ბაზირებული, გერმანული MHB Bank-ის შეძენის პროცედურებს ასრულებს. წარმატებული კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი თამაზ გიორგაძეა, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს სტუმრობდა და ექსკლუზიურად “საქმის კურსის” კითხვებს უპასუხა:

MHB Bank-ის შეძენა - საკმაოდ ხმამაღალი განაცხადია... მიიღეთ თუ არა უკვე მარეგულირებლის მხრიდან თანხმობა?

MHB ბანკი-ის შეძენა სრულდება - “Closing” დაგეგმილია აპრილში; ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ეტაპი ფაქტობრივად, უკვე გავლილია.

რამდენად რთულია გერმანიაში ბანკის შესყიდვის პროცესი?

საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და უფრო გართულდა ბოლო პერიოდში. პროცესის დროს, როგორც ბანკის სტრატეგია, ისე კაპიტალის ჩადების გეგმა განიხილება. ასევე მფლობელების სქრინინგი ხდება, ვინც 10% მეტს ფლობს. შეძენის პროცედურები დაახლოებით, ერთი წლის წინ დავიწყეთ.

რას ელოდებით მას შემდეგ, რაც ეს გარიგება დასრულდება - რას აძლევს თქვენს კომპანიას ბანკის შეძენა?

MHB Bank პირველივე დღიდან ჩვენი პარტნიორი იყო, როცა ჩვენი ბიზნესი დავიწყეთ. ბანკის მეშვეობით გვინდა, ჩვენი ლიცენზიის საკითხები გადავწყვიტოთ, რადგან ჩვენი საქმიანობა, რასაც ძირითადად ვეწევით, დეპოზიტების შუამავლობაა. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში კი, მას სხვადასხვა ლიცენზია სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანაში ლიცენზია უნდა ავიღოთ, ეს კი, საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია. მეორე მხრივ, ჩვენ საინვესტიციო პროდუქტების შეთავაზება დავიწყეთ, რაზეც ლიცენზიების აღება კიდევ უფრო რთულია, ვიდრე - დეპოზიტების მიმართულებით... ამ ყველაფრის ერთბაშად მოგვარება და გადაწყვეტა გვინდოდა. მოკლედ, ბანკის საშუალებით შეგვიძლია, მთელს ევროპაში გავაგრძელოთ მომსახურების შეთავაზება.

გარიგების ღირებულებაზე თუ შეგიძლიათ გვითხრათ ?

გარიგების ღირებულებას ვერ დაგისახელებთ, შეთანხმებულები ვართ, რომ არ გავახმაურებთ;

მას შემდეგ, რაც ამ ბანკს შეიძენთ, ფაქტია, ევროპის ქვეყნებში ოპერირება გაგიადვილდებათ, რა არის თქვენი სამიზნე ბაზარი გერმანიის შემდეგ?

ჩვენ ისლანდიაში, შვეიცარიაში, ლიხტენშტეინსა და ნორვეგიაში ვთავაზობთ მომხმარებლებს მომსახურებას Raisin.com-ის მეშვეობით. ამას გარდა, ცალკე პლატფორმები გვაქვს ესპანეთისთვის, საფრანგეთისთვის და კიდევ რამდენიმე ახალ პლატფორმას ჩავუშვებთ მიმდინარე წელს.

გადავიდეთ კომპანია Raisin-ზე - იგივე ქიშმიში, რატომაა ის ასეთი მნიშვნელოვანი 21-ე საუკუნეში?

კომპანია თავის კლიენტებს დეპოზიტებისა და საინვესტიციო პროდუქტების დარგში სთავაზობს მომსახურებას; ადვილად რომ ავხსნათ, თქვენ თუ კლიენტი ბრძანდებით დავუშათ გერმანიაში, ჩვენი მეშვეობით ერთ ონლაინ ბენკინგში, ერთი რეგისტრაციით, შემნახველი ანგარიშის გახსნა შეგიძლიათ ევროპის 69 სხვადასხვა ბანკში 22 ქვეყნიდან. კლიენტისთვის ეს ხელსაყრელია, იმ თვალსაზრისით, რომ ეს პროდუქტები ძირითადად ბაზარზე არ არის და ჩვენიდან გააქვთ ამ ბანკებს სხვადასხვა ბაზრებზე.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ startUP-დან წარმატებული კომპანია შექმნა? - სულ მიდის საუბრები იმაზე, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა პრობლემაა...

5 წელიწადზე მეტია ბაზარზე ვართ, კომპანიის გაშვებისთვის დაგვჭირდა დაახლოებით, 2 მილიონ ევროზე მეტი, რაც საკმაოდ დიდი თანხაა; იმავდროულად 2 მილიონი გასაზღვრული იყო ისე, რომ გაშვების შემდეგ კიდევ მინიმუმ 6 თვე გვქონოდა პირველადი მონაცემების შესაგროვებლად და უბრალოდ ბაზრის შესწავლისთვის. თვითონ კომპანიამ დღემდე “მოქაჩა” 70 მილიონი ევროს საინვესტიციო თანხა ინვესტორებისგან. უკვე გავიარეთ მეხუთე საინვეტიციო რაუნდი. სულ ახლახან, კომპანიის კაპიტალში დამატებით, 100 მილიონის “ჩასხმის” შესახებ გამოვაცხადეთ...

როგორი გარემოა startUP-თვის ევროპაში? რამდენად გასხვავდება ის ქართული ბაზრისგან?

მთავარი გასხვავება ისაა, რომ ეს უფრო დიდი ბაზარია, ბევრი რამე უფრო მარტივია - იგივე ფულის აღება, ბიზნესმოდელის მასშტაბირება; მეორეს მხრივ, ისინი საბანკო სექტორის ბევრ სფეროს ფარავენ. თვითონ ევროპას ჰგონია, რომ ამერიკას და ჩინეთს ძალიან ჩამოვრჩებით, რაც მართლა ეგრეა.

დღევანდელი გადმოსახედიდან, თქვენი აზრით, ქართულ startUP-ებს რა სჭირდებათ?

ჩვენთვისაც და ნებისმიერი startUP- თვის გუნდის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია. როცა გუნდი შევქმენით, სამივე მაკენზის ყოფილი კონსულტანტები ვიყავით, სამივეს გვქონდა საბანკო გამოცდილება ანუ მნიშვნელოვანია ცოდნა, გამოცდილება და გუნდის ხარისხი. ასევე მნიშვნელოვანია, ბიზნეს მოდელის მასშტაბირება. startUP-ები მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის არ უნდა იქმნებოდეს, ის უნდა გადიოდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ.

და ბოლოს რატომ Raisin?

Apple აღარ იყო დარჩენილი.
ავტორი: თამუნა ქემერტელიძე

18.ივლისი.2019 11:17
39

,,მნიშვნელოვანია, უშუალოდ მოსახლეობისგან მივიღოთ ინფორმაცია მომავალი პროექტების განხორციელების თაობაზე“

ვრცლად
18.ივლისი.2019 10:47
352

“ფორსაჟი 9”-ის ეპიზოდის საქართველოში გადაღებაზე ჰოლივუდი 31 მლნ-მდე ლარს დახარჯავს

ვრცლად
18.ივლისი.2019 09:40
805

ვიცემერი: რუსთავამდე მიწისზედა მეტროს მშენებლობა 2020 წელს დაიწყება

ვრცლად
18.ივლისი.2019 09:00
301

„თუ არ იქნება იაფიანი კრედიტები და სახელმწიფოსგან ხელშეწყობა, ეს ქვეყანა თავისით ვერ განვითარდება"

ვრცლად
17.ივლისი.2019 23:00
290

„ქართული ზეთისხილი“ და KTW ჯგუფი ერთობლივ კომპანიას აფუძნებენ

ვრცლად
17.ივლისი.2019 22:00
580

რა ღირს აგარაკის დაქირავება თბილისის შემოგარენში?

ვრცლად