02.აპრილი .2019 18:30

ქართული ღვინის დეგუსტაციის დღეები საფრანგეთში

views 1059
უკან

საფრანგეთის ქალაქ იერში, 9-დან 30 მარტის ჩათვლით, "იერის მეღვინეთა გაერთიანების" ორგანიზებულ ყოველწლიურ ფესტივალზე "საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაცია" და პარიზში მოქმედი ასოციაცია "ქართული კულტურის კერა ლაზი" საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. ფესტივალის ფარგლებში დეგუსტაციისათვის წარდგენილი იყო ქართველი მეღვინე ქალების ღვინოებიც.

ფესტივალის დახურვას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთში ბატონი გოჩა ჯავახიშვილი, ქალაქ იერის მერის მოადგილე ფაბრის გოდუფი და ქალაქ იერის მერის მრჩეველი კულტურის საკითხებში ქალბატონი დომინიკ რენონსია ესწრებოდნენ.

"ქართული კულტურის კერა ლაზის" მიერ ორგანიზებული ქართული ხალხური ცეკვის კონცერტის შემდეგ "იერის მეღვინეთა გაერთიანების" დამფუძნებელმა ბატონმა მიშელ პრელამ "საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაციის" წევრებს "გაერთიანების" მარანი დაათვალიერებინა.

"საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაციის დამფუძნებელმა ანა ჭეიშვილმა წაიკითხა მოხსენება "საქართველო - მევენახეობა-მეღვინეობის აკვანი", რომლის შემდეგ ქართველმა მეღვინე ქალებმა დეგუსტაციაზე საკუთარი ღვინოები წარადგინეს. დეგუსტაციას ესწრებოდნენ "გაერთიანების" წევრები, ფრანგი ენოლოგები და მეღვინეები.

როგორც, საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაციის დამფუძნებელი ამბობს, რა იყო პირველი შემთვევა, როდესაც იერის მეღვინეებმა ქართული ღვინო, მათ შორის ქვევრის ღვინო დააგემოვნეს.

"ფესტივალის ფარგლებში საინტერესო დისკუსია შედგა ფრანგ და ქართველ მეღვინეებს შორის ვაზის ჯიშებისა და ღვინის დაყენების შესახებ, ტრადიციების როლზე მეღვინეობაში, ქალების ჩართულობაზე ამ სფეროში და ქართული ღვინის მომავალზე ევროპისა და უფრო კონრეტულად, საფრანგეთის ბაზარზე. ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო იერისა და ქართველი მეღვინე ქალების დამეგობრება", – ამბობს BMG-სთან ანა ჭეიშვილი.

იერში გამართული ფესტივალისას გაფორმდა თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მემორანდუმი "გაერთიანებასა" და "ასოციაციას" შორის. მიმდინარე წლის ბოლოს "იერის მეღვინეთა გაერთიანებას" "საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაცია" საქართველოში უმასპინძლებს.