21.აგვისტო .2019 19:30

ქარელში "რუისის ქარის ელექტროსადგურის" მშენებლობა იგეგმება

views 496
უკან

"საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტში "რუისის ქარის ელექტროსადგურის" მშენებლობა იგეგმება.

პროექტის განვითარების მიზნით, "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა" და შპს "ჩერო კონსალტინგს" შორის საპარტნიორო შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიხედვით, პარტნიორებმა საპროექტო ტერიტორიაზე ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით ერთობლივი საწარმო დააფუძნეს.

როგორც BM.GE-ის "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა განუცხადა, სავარაუდოდ სექტემბერში, რუისის ქარის სადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მიზნით მთავრობასა და "ჩერო კონსალტინგს" შორის მემორანდუმი გაფორმდება.


"ჩერო კონსალტინგი" ქართული კომპანიაა, რომელიც ამ ტერიტორიაზე კვლევებს წლების განმავლობაში ახორციელებდა. ეს გამოცდილი გუნდია", - აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა.

მისივე ინფორმაციით, ინვესტორს პროექტის განსახორციელებლად მთავრობასთან გარანტირებული ხელშეკრულების პირობების შეთანხმება სურს, თუმცა, ჯერჯერობით, ეს პირობები, მათ შორის ქარის სადგურის მიერ სახელმწიფოსთვის გასაყიდი ელექტროენერგიის ფასი დასაზუსტებელია.

"ზოგადად, ფასების კლების ტენდენციაა. ვფიქრობ, პირველ სადგურთან ("ქართლის ქარის ელექტროსადგური") შედარებით, უფრო დაბალი ეღირება", - მიიჩნევს გიორგი ჩიქოვანი.


რაც შეეხება პროექტის ტექნიკურ პარამეტრებს, "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" ინფორმაციით, "რუისის ქარის ელექტროსადგურის" სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 10 მგვტ იქნება, წლიური გამომუშავება - 42 მლნ. კვტ. საათი, ინვესტიცია კი - $14 მლნ.

პროექტის სამშენებლო სამუშაოების დაწყების საორიენტაციო პერიოდია 2020 წლის გაზაფხული-ზაფხული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა