26.მაისი .2019 18:50

ქალაქები, სადაც ცხოვრების დონე ყველაზე მაღალია

views 1003
უკან

Deutsche Bank-ის ექსპერტებმა მსოფლიოს ქვეყნებში, 2019 წლის მდგომარეობით, ცხოვრების დონის სტანდარტები გააანალიზეს და ერთმანეთს შეადარეს ისეთი პარამეტრები, როგორიცაა მსყიდველუნარიანობა, უსაფრთხოება, ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობა, სამომხმარებლო პროდუქციის ფასები, საცხოვრებელი სახლის ხელმისაწვდომობა და ასევე, ეკოლოგიური და კლიმატური პირობები. შედეგად კი იმ ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნეს, სადაც ცხოვრების დონე ყველაზე მაღალია.

ათეულში მეათე პოზიციას ავსტრალიის ქალაქი სიდნეი იკავებს – ქალაქი, სადაც საცხოვრებელი სახლები ყველგან ეროვნული პარკებით არის გარშემორტყმული, მაცხოვრებლებს კი, ავსტრალიის მასშტაბით, ყველაზე მაღალი საშუალო შემოსავალი აქვთ. სიდნეი მოწინავეა ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების თვალსაზრისითაც, რადგანაც ის მთლიანად ფარავს ქალაქის ცენტრსაც და გარეუბნებსაც, არის კომფორტული და რაც მთავარია – სწრაფი.

გამოკითხულთა აზრით, ავსტრალიაში ცხოვრება საკმაოდ მიმზიდველია საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეკონომიკისა და ხელისუფლების მიერ გატარებული განათლების რეფორმების გამო, თუმცა ცხოვრების დონე მასზე უკეთესი, Deutsche Bank-ის მიხედვით, სან-ფრანცისკოშია, რომლის ეკონომიკის საფუძველიც ტურიზმის სექტორზე გადის, თუმცა ეკონომიკის სწრაფად ზრდას განსაკუთრებულად ხელი სილიკონის ველმა შეუწყო.

რაც შეეხება ბოსტონს, რომელიც რიგით მერვე ქალაქია ცხოვრების ხარისხის მიხედვითა და სიმდიდრის მაჩვენებლით, ის ერთ-ერთი უდიდესი საგანმანათლებლო ცენტრია. განვითარებული ინფრასტრუქტურითა და მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მეშვეობით კი ლიდერია ისეთ თანამედროვე ინდუსტრიებში, როგორც ბიოტექნოლოგია, მიკროელექტრონიკა და ახალი მასალების შექმნა.

ცხოვრების მაღალი დონე გამოარჩევს ასევე მელბურნსაც, სადაც საშუალო შემოსავალმა ზრდა 2001 წლიდან დაიწყო. თანამედროვე ტექნოლოგიების ცენტრი 60 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს ტექნოლოგიების მიმართულებით და ამიტომაც, ავსტრალიაში ამ მაჩვენებლით მესამე ადგილზეა.

მელბურნს კი სიაში ფინეთის დედაქალაქი, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო ცენტრი - ჰელსინკი მოჰყვება, თუმცა ცენტრის კვალობაზე ქალაქი საკმაოდ მშვიდი და რაც მთავარია, სუფთაა. შესაბამისად, აქ დაბალია დანაშაულის მაჩვენებლები, ცხოვრების რიტმი წყნარი, ხარისხი კი – მაღალია. ამიტომაც ის Deutsche Bank-ის რეიტინგში მეექვსე პოზიციას იკავეს.

ხუთეულს ავსტრიის დედაქალაქი ხსნის, სადაც ოფიციალური სტატისტიკით 1.9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და საუკეთესოდაა მიჩნეული რამდენიმე მახასიათებლით. ესენია: პოლიტიკური სტაბილურობა, სოციალური გარემო, კულტურა, მედიცინა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, განათლება და კომფორტული გარემო ბიზნესისათვის.

რიგირ მეოთხე პოზიციაზეა ედინბურგი, სადაც უმუშევრობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, ხოლო დასაქმების ხარისხი კი – ყველაზე მაღალი. ხოლო რაც შეეხება ლიდერ სამეულს, მას კოპენჰაგენი, ველინგტონი და ციურიხი ინაწილებენ. სწორედ ეს უკანასკნელი დასახელდა ამ რეიტინგში ნომერ პირველ ადგილზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა