მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროკურატურის პირველი განცხადებიდან 5 თვის თავზე "ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე" სიახლე არაფერია

5d04b82370ce1
თელარა გელანტია
15.06.19 13:50
1302
ე.წ. „ხაზარაძე-ჯაფარიძის“ საქმეზე საქართველოს გენერალური პროკურატურის პირველი განცხადებიდან 5 თვე გავიდა.

ამ პერიოდის განმავლობაში საგამოძიებო ორგანოში აღნიშნულ საქმეზე 2 ბრიფინგი ჩატარდა და 2 განცხადება გავრცელდა.

Bm.ge დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს გამოძიება და რა ახალი გარემოების გამოკვეთა შეძლო გენერალურმა პროკურატურამ 5 თვის განმავლობაში, თუმცა შალვა თადუმაძის უწყებაში მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ:

„მიმდინარეობს გამოძიება, მეტს ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადეს პროკურატურაში.

როგორც ცნობილია, ამ დროის განმავლობაში აღნიშნულ საქმეზე პროკურატურას ბრალი არავისთვის წაუყენებია.

შეგახსენებთ: საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ე.წ. „ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე“ პირველი განცხადება მიმდინარე წლის 9 იანვარს გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო ,,თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები;

"აღნიშნული მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს ეროვნულ ბანკს და საქართველოს პროკურატურას.

ეროვნულმა ბანკმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლა საკითხი და აღმოჩენილ დარღვევებზე მოახდინა შესაბამისი რეაგირება.

თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს, დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით", - ეწერა პროკურატურის პირველი განცხადებაში.