მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროგრამა, რომლის ჩავარდნის გამოც, დავით სერგეენკო სავარაუდოდ თანამდებობას ტოვებს

5d07940ec90e1
შოთა ტყეშელაშვილი
17.06.19 18:00
16773
ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოს უმსხვილესი მხარჯავი დაწესებულებაა. მხოლოდ 2019 წლისთვის სამინისტროს ბიუჯეტი 3 968 400 000 ლარია, ეს ნომინალურად 2006 წლის საქართველოს ბიუჯეტზე მეტია. სამინისტროს ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფასა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე იხარჯება. მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი უფრო მეტია, ვიდრე შსს-ს, ან თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტები.

დავით სერგეენკოს მინისტრთა კაბინეტიდან წასვლა უკვე პრაქტიკულად დადასტურებულია, თავად პრემიერ-მინისტრმაც "ახალი სისხლის" მნიშვნელობაზე გააკეთა განცხადება.

როგორც BMG-ისთვის გახდა ცნობილი, სავარაუდოდ, დავით სერგეენკოს მიერ თანამდებობის დატოვების შესაძლო მიზეზად ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეთათვის დაავადებების დაფინანსების პროგრამის წარუმატებლობა სახელდება.

პროგრამა, რომელიც 2017 წელს მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის შეიქმნა, არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მასში წინასწარ გაცხადებულზე ბევრად ნაკლები ადამიანი ჩაერთო. ქრონიკული მედიკამენტების პროგრამის ათვისებაც ბიუჯეტით დადგენილზე ნაკლები აღმოჩნდა.

"ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის" სახელმწიფო პროგრამა დავით სერგეენკომ 2017 წლის პირველ მაისს წარადგინა. მაშინ სერგეენკომ თქვა, რომ პროგრამა 150,000 - 200,000 ადამიანს მისცემდა მედიკამენტების შესყიდვის დაფინანსების შესაძლებლობას.

პროგრამა 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა. თავდაპირველად ის სოციალურად დაუცველებზე გავრცელდა. პროექტის ფარგლებში გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების და დიაბეტი ტიპი 2-ის (არაინსულინდამოკიდებული) სამკურნალო მედიკამენტები ფინანსდებოდა. 2018 წლის სექტემბრიდან პროგრამა გაფართოვდა და ის ასაკით პენსიონერებზე და შშმ სტატუსის მქონე პირებზეც გავრცელდა.

2017 წელს მედიკამენტების პროგრამით 13 010 ადამიანმა ისარგებლა. 2018 წელს პროგრამაზე 22 651 ახალი ბენეფიციარი დარეგისტრირდა, 2019 წლის მაისის განმავლობაში კი ბენეფიციართა რაოდენობა, რომელთაც ფაქტობრივად შეიძინეს თანადაფინანსებული მედიკამენტი, 30,837 იყო, იმის მიუხედავად, რომ ბენეფიციართა პოტენციური რაოდენობა დღეს 800,000-ს აღემატება (პენსიონერთა რაოდენობა, შშმ პირების რაოდენობა). 

2018 წელს პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარს შეადგენდა. ფაქტჩეკის ინფორმაციით, წლის პირველი 11 თვის განმავლობაში მისი ათვისება დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი იყო, დეკემბერში კი ის 7.6 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა ამ ზრდის მიზეზი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 6.5 მილიონი ლარის ღირებულების მედიკამენტების შეძენა იყო.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2019 წელს ამ პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. ნახევარი წლის განმავლობაში ფაქტობრივი გადახდა 1 მილიონ ლარამდეა.