მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრევენცია ბირთვული კატასტროფის შემთხვევაში – გერმანიამ 190 მილიონი იოდის აბი შეიძინა

5d616615e1beb
მიხეილ ხაჩიძე
25.08.19 15:30
7747
მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლიდან გერმანია ბირთვულ ენერგიაზე უარს ამბობს და ქვეყანაში მოქმედ 17-ვე ატომურ ელექტროსადგურს აუქმებს, ევროპული სახელმწიფოს მთავრობამ, ბირთვული ავარიის შემთხვევაში პრევენციის მიზნით, დიდი რაოდენობით იოდის ტაბლეტების შეძენის ბრძანება გასცა.

გერმანული ტელეკომპანია RTL-ს ცნობით, რადიაციული დაცვის ფედერალურმა ბიურომ ავსტრიის რეგიონის, შტირიას (Steiermark) ერთ-ერთ დიდ ფარმაცევტულ კონცერნს 50 მილიონი კოლოფი იოდი დაუკვეთა, რაც მთლიანობაში 190 მილიონი აბია.

როგორც გერმანიის მთავრობა განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის მასშტაბით რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვა დაფიქსირდება, იოდის ტაბლეტების მარაგს მოსახლეობას უფასოდ გადაუნაწილებენ.

თავის მხრივ, რადიოაქტიული დაცვის ფედერალური ბიუროს პრეს-სპიკერმა მედიას განუმარტა, რომ აქამდე არსებული პრაქტიკით, კატასტროფის შემთხვევაში, ტაბლეტების მიღება სავალდებულო იყო ატომური ელექტროსადგურიდან 20 კმ რადიუსში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ხოლო 100 კმ რადიუსში მყოფი ბავშვების, ახალგაზრდებისა და ორსულებისთვისაც, ახლა კი, მათი განკარგულებით, რადიაციული გაჟონვის შემთხვევაში აბები 100 კმ-ს რადიუსში მცხოვრებ ყველა ადამიანს დაურიგდება, ასევე ბავშვებს, ახლაგაზრდებსა და ორსულებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნული პრევენციული ღონისძიება გერმანიის ბირთვული უსაფრთხოების ახალი გეგმითაა გათვალისწინებული.

190 მილიონი იოდის აბის შეძენა გერმანიის მთავრობას 8,4 მილიონი ევრო დაუჯდა. ტაბლეტები დეცენტრალიზებულად უნდა შეინახონ, რათა ტრაგედიის შემთხვევაში, მათი გადანაწილება დროულად მოხდეს.