მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი "ტურისტულ ემბარგოზე": ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ხმა, მათი რეკომენდაციები

5d1118e57cd32
ანნა ლაპიაშვილი
24.06.19 22:37
948
„ასეთ მომენტში კერძო სექტორთან კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „იმედის“ ეთერში ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ე.წ. ტურისტული ემბარგოს შესაძლო ნეგატიური შედეგის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, 8 ივლისიდან ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იზღუდება.

პრემიერმა ეკონომიკის მინისტრსა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის დღეს გამართული შეხვედრაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ასეთ სიტუაციაში კერძო სექტორის რეკომენდაციები მნიშვნელოვანია. 

“ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ მომენტში კერძო სექტორთან კოორდინაცია. დღეს ეკონომიკის სამინისტოში იყო შეხვედრა ჩვენს ტურისტულ კომპანიებთან და ასეთ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ხმა, მათი რეკომენდაციები, ინიციატივები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ საქმეს. აქედან გამომდინარე, გვსურს, წარმოქმნილი პრობლემების და გამოწვევების მოკლე ვადაში მოგვარება, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვიხედებით წინ და ვაგრძელებთ ყველა იმ რეფორმის და ინიციატივის გატარებას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი. მე მსურს კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ნებისმიერი მთავრობა პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს ასეთ საკითხებს ასეთ დროს და ჩვენ ზუსტად ასე მოვიქცევით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, არსებობს აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რომელიც ძირითადად ფოკუსირებულია ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე და კონსულტაციები ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს.


ცნობისთვის: ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა 10-პუნქტიანი გეგმა უკვე შეიმუშავეს და ის ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გააცნეს.

გეგმა ასეთია:

1. ბაქოდან და ერევნიდან თბილისის მიმართულებით დაინიშნოს შატლი;
2. ჩარტერული რეისების სუბსიდირება;
3. საგადასახადო შეღავათები სექტორს;
4. დიპლომატიურ კორპუსთან აქტიური მუშაობა;
5. ტურ-ოპერატორების პიარ-კამპანიების გააქტიურება;
6. საზღვარზე პრობლემების მოგვარება, განსაკუთრებით ირანელი და ინდოელი ტურისტების პრობლემების მაგალითზე;
7. booking.com-თან შეღავათებსა და ოკუპირებული აფხაზეთის საკითხზე (მათ ცალკე ქვეყნად აქვთ მითითებული აფხაზეთი) მოლაპარაკება;
8. შიდა ტურიზმზე მუშაობის გაძლიერება;
9. Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ ინფორმაციისა და ძიების სისტემის ხარისხობრივი გაუმჯობესება;
10. მეტი ცნობადი სახეების მოწვევა საქართველოში.