მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: რუსეთში ტურიზმის მარკეტინგზე 13 მლნ-ის ხარჯვა სწორი გადაწყვეტილება იყო

5d2ddd08c7864
BM.GE
16.07.19 18:04
987
“თქვენ რას ფიქრობთ, არ უნდა დახარჯულიყო ეს თანხა?”- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რუსეთში გაწეულ მარკეტინგულ ხარჯებზე BMG-ის მიერ დასმულ კითხვას.

მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ეს კითხვა დასასმელი მხოლოდ მაშინ იქნებოდა, თუ რუსულ ბაზარზე გაწეულ მარკეტინგს, ქვეყნისთვის შესაბამისი მონეტარული ამონაგები არ ექნებოდა.

“რაც შეეხება 13 მილიონს რაც მარკეტინგზე დაიხარჯა რუსეთში. თქვენ იცით ეს რამდენი პროცენტია საერთო ბიუჯეტის? ეს არის დაახლოებით 18%. სწორედ 18% არის დახარჯული რუსეთში ბოლო წლების განმავლობაში. თქვენ რას ფიქრობთ არ უნდა დახარჯულიყო ეს თანხა?

მე სიმართლე გითხრათ, ეს კითხვა იქნებოდა ჩემი აზრით ძალიან, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ არ გვქონოდა შესაბამისი უკუგება ამ ინვესტიციით. როდესაც სახელმწიფო აწარმოებს მარკეტინგულ კამპანიას, აუცილებელია, რომ ჩვენ შევხედოთ უკუგებას თითოეულ ინვესტირებულ თანხაზე.

რაც შეეხება 2019 წელს, ჩვენ სწორედ ამაზე დაყრდნობით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბიუჯეტის ფოკუსი მთლიანად გადასულიყო ახალ ბაზრებზე ვინაიდან ეს ბაზარი ისედაც ძალიან აქტიურად ვითარდებოდა. კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, საერთო მარკეტინგის 17-18% იხარჯებოდა წინა წლების განმავლობაში ამ მიმართულებაზე და წელს მთლიანად მოხდა რეფოკუსირება ამ ბიუჯეტის. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ამან საშუალება მისცა ძალიან ბევრ საქართველოს მოქალაქეს დაეწყო მცირე და საშუალო ბიზნესი და შეექმნა სამუშაო ადგილები,”- აცხადებს ბახტაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2013-2018 წლებში რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ტურიზმის მარკეტინგის კამპანიებისთვის 13 მლნ ლარი დახარჯა.

2019 წელი პირველია „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, როცა ტურიზმის ადმინისტრაციის მარკეტინგში რუსეთის ბაზარზე თანხები არ იხარჯება.

რაც შეეხება წინა წლებს, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი - თითქმის 6 მლნ ლარი ხელისუფლებამ რუსეთში მარკეტინგზე 2018 წელს დახარჯა, თან ეს იმ ფონზე, როდესაც კერძო სექტორი, მათ შორის ინვესტორთა საბჭოს პლატფორმიდანაც მოუწოდებდა მთავრობას, რომ რუსეთში ხარჯის შემცირებაზე.