მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი "როსპოტრებნადზორის" განცხადებას აფასებს: ამას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს

5d11245d74ae6
თელარა გელანტია
24.06.19 23:27
1221
„ამას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს“, - ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედში"„როსპოტრებნადზორის“ იმ განცხადების კომენტირებისას თქვა, რომლის თანახმად, საქართველოდან იმპორტირებული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ხარისხი წლიდან წლამდე უარესდება და ისინი იძულებულნი არიან, ქართულ პროდუქციაზე კონტროლი გააძლიერონ.

„რაც შეეხება ქართულ ღვინოს, ჩვენ გვაქვს ღვინის შემოწმების უმაღლესი სტანდარტები და გამოთქმულ ეჭვებს საზოგადოება თავად გასცემს პასუხს, რომ ამას საერთო რეალობასთან არაფერი აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს კერძო სექტორთან კოორდინაცია“, - განაცხადა პრემიერმა.

„როსპოტრებნადზორის“ განცხადებას, სადაც 2018 წელს 8 ქართული კომპანიისთვის რუსეთში ექსპორტის აკრძალვაზეა საუბარი, დღეს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავაც გამოეხმაურა.

„მე არ ვიჩქარებდი. თქვენც მოგიწოდებთ, რომ არ იჩქაროთ. დავაკვირდეთ მოვლენებს. ეს გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, მიღებული არ არის და მოდით, შეფასებებში არ ვიჩქაროთ. არ დავაზარალოთ სიჩქარით ჩვენი ბიზნესის ინტერესები“, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზედამხედველი უწყების ("როსპოტრებნადზორი") განცხადებით, საქართველოდან იმპორტირებული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ხარისხი წლიდან წლამდე უარესდება, შესაბამისად, ისინი იძულებულნი არიან, ქართულ პროდუქციაზე კონტროლი გააძლიერონ.

რუსეთის მარეგულირებელში განმარტავენ იმასაც, რომ 2014 წლიდან 2018 წლამდე ალკოჰოლური პროდუქციის მოცულობა, რომელიც არ შეესაბამებოდა აუცილებელ მოთხოვნებს, 2,9 ჯერ გაიზარდა და 2018 წელს 203 ათას ლიტრი შეადგინა. ამ პერიოდის განმავლობაში ანუ 2018 წელს რვა ქართველ მწარმოებელს ღვინის ექსპორტი აეკრძალა.

მათ შორის არიან: შპს "ბაგრატიონი -1882", შპს "ბოლერო და კომპანია", შპს "კახეთის ტრადიციული მეღვინეობა", შპს "ბადაგონი", შპს "ქართული ღვინის სახლი" LLC "ქართული ღვინო", ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია " და შპს" ბატონო ".