მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

5cb0ae2c04adc
ლიკა გურაბანიძე
12.04.19 19:45
1911
შპს "ა პლასტის" წარმომადგენლის მელიტა პატარიძის განცხადებით, ის საკრედიტო ვალდებულებები, რომელიც კერძო სექტორმა სახელმწიფოს წინაშე აიღო, მათთვის გარკვეული წინააღმდეგობაა. კერძოდ, საკითხი პოლიეთილენის მწარმოებელი კომპანიების მიერ დანადგარების შესაძენად აღებულ კრედიტებს ეხება.

ამ თემაზე პატარიძემ პარლამენტში გამართული საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში ისაუბრა.

"პროგრამის – აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ჩვენ საკრედიტო ვალდებულებები ავიღეთ, რომლის რაოდენობაც, პირადად ჩემი საწარმოს შემთხვევაში, 350 000 ევროს სცილდება. ჩვენ წარვადგინეთ პროექტი დანადგარის შესახებ, რომელიც პოლიეთილენის წარმოებისთვის გვესაჭიროებოდა. თუკი ჩვენ, მეწარეებმა გულგრილობა გამოვიჩინეთ, სახელმწიფოს მიერ შესაბამისი საბანკო სისტემა რატომ არ იქნა გაფრთხილებული, რომ მსგავსი კრედიტები დაკმაყოფილებული არ იქნებოდა, რადგან ქვეყანაში პოლიეთილენის პარკების წარმოება აიკრძალებოდა", - აღნიშნა მელიტა პატარიძემ.

მისივე თქმით, მეწარმეებმა სწორედ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პროექტით ისარგებლეს.

"მეწარმეებმა იმ პროექტით ვისარგებლეთ, რომელიც სახელმწიფომ შემოგვთავაზა, რათა წარმოება გამარტივებული ყოფილიყო და ხალხი დასაქმებული გვყოლოდა", - აღნიშნა შპს "ა პლასტის" წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე - პლასტიკის, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოების, იმპორტის და რეალიზაციის შესახებ საკითხი განიხილეს.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობის მიერ 2018 წლის 14 სექტემბერს დამტკიცებული დადგენილების მიხედვით, 2019 წლის 1 აპრილიდან ყველა ტიპისა და სისქის პლასტიკის პარკის რეალიზაცია იკრძალება.