მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პავლო შერემეტა: სახელმწიფოს საუკეთესო გადაწყვეტილება ყველაფრის ლიბერალიზაციაა

56adefdc9ac59
BM.GE
31.01.16 15:27
1330
საქართველოში უკრაინის ეკონომის ყოფილი მინისტრი და მალაიზიის მთავრობის ყოფილი მრჩეველი პავლო შერემეტა იმყოფებოდა. „ბიზნესკონტაქტი“ დაინტერესდა, თუ რას ფიქრობს პავლო შერემეტა საქართველოს და უკრაინის მომავალზე და ასევე ამ ქვეყნების როლზე მსოფლიოში.
 
- როგორ ფიქრობთ იქნება თუ არა სამომავლოდ საქართველოში ტექნოლოგიური სფეროს სპეციალისტთა საკმარისი რაოდენობა იმისათვის, რომ დააკმაყოფილონ ამ სფეროს განვითარებისთვის საჭირო მოთხოვნები?

- ეს კითხვა არსებობს ყველგან, იქნება ეს უკრაინა, საქართველო თუ მალაიზია. რა თქმა უნდა, აქ დიდ როლს თამაშობს როგორც სახელმწიფო, ასევე ინვესტიციები. ასეთი ადამიანები ქვეყანაში უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი, რადგან ჩვენ სულ უფრო და უფრო ნაკლებს ვმუშაობთ ფიზიკურად, ამასთან ერთად კი ადამიანს სულ უფრო და უფრო ჩაანაცვლებენ კომპიუტერები და რობოტები. მე მყავს ნაცნობი რომელიც ხშირად იმეორებს ძალიან კარგ ფრაზას: "ჩემი ხელებით მუშაობით ვშოულობ პურის ფულს, ფიქრით ვყიდულობ კარაქს, ხოლო იდეებით ხიზილალას“. აქედან გამომდინარე ქართველ მეწარმეებს ვუსურვებ ბევრ ხიზილალას ანუ გონებით მუშაობას და კარგ იდეებს.
 
- თქვენი აზრით, უნდა ერეოდეს თუ არა მთავრობა განათლების სფეროში თუ სჯობს რომ ეს ყველაფერი კერძო სექტორს მიანდოს?

- ვფიქრობ, რომ სახელმწიფოსა და მთავრობის ძირითადი მოვალეობა განათლების დარგში კერძო სექტორისთვის კონკურენტუნარიანი გარემოს უზრუნველყოფაა. ამასთან ერთად ვფიქრობ, რომ არსებობის უფლება სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებსაც აქვს, რადგან ნებისმიერ ქვეყნაში ზოგიერთ მოქალაქეს, კერძო სასწავლებელში განათლების მიღების საშუალება არ აქვს. ვიმედოვნებ, რომ კერძო უნივერსიტეტები, რაც შეიძლება მეტად პერსპექტიული სტუდენტების მოზიდვაზე იქნებიან ორიენტირებულები, ანუ შეარჩევენ არა უბრალოდ ფულის, არამედ უნარ-ჩვევების მიხედვით. იმ ეტაპამდე, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები არ არსებობდეს საერთოდ, როგორღაც უნდა მივიდეთ. ყველა სახელმწიფო ლაბორატორიისა და საკვლევი დაწესებულების ერთბაშად გაუქმებაც არ მიმაჩნია ძალიან ჭკვიანურად, თუმცა მათი სრული კონკუნკურენციის პირობებში ჩაყენება და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეროვნული ბაზრის უცხოური უნივერსიტეტებისთვის გახსნა, და უფრო მეტიც აქტიურად მოიწვიო საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრები მთელი მსოფლიოდან, რასაც იგივე მალაზია ძალიან ეფექტურად აკეთებს, და შეუქმნა მათ საუკეთესო პირობები, ვგულისხმობ გადასახადების შემცირებას, ინფრასტრუქტურას და სხვას. ეს არის ზუსტად სახელმწიფოს როლი, თუმცა საბოლოო ჯამში, ის უნდა იყოს მიმართული მხოლოდ კონკურენციის სტიმულირებისკენ.
 
- ანუ საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება განათლების სფეროს ლიბერალიზაცია...

- ზოგადად სახელმწიფოს საუკეთესო გადაწყვეტილება თითქმის ყველაფრის ლიბერალიზაციაა. ერთადერთი საკითხი უსაფრთხოებაა, ისიც ნაწილობრივ, სადაც რაღაც-რაღაცეებზე დაფიქრებაა შესაძლებელი. მსოფლიოსში არსებობს ისეთი ქვეყნის მაგალითი, რომლის ნაწილიც ცხოვრობს კომუნისტური მიდგომებით, ხოლო მეორე ნაწილი ლიბერალურით. ეს ქვეყანა კორეაა, რომელიც ორ ნაწილად არის გაყოფილი. ჩვენ ვხედავთ შედეგებს. იგივე შედეგებს ვხედავდით 85 წლამდე საბჭოთა კავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დაპირისპირებისას ანუ სახელმწიფო დაგეგმვის და ლიბერალური ეკონომიკის დაპირისპირებისას, აქაც თავისუფლება იმარჯვებს. საბოლოო ჯამში, თავისუფლება ყოველთვის იმარჯვებს, რადგან ადამიანის ინიციატივა და მისი ტვინი ყოველთვის გაიმარჯვებს, ვიდრე ისეთი მოდელი, სადაც ამ ინიციატივის გადატანა სახელმწიფოზე ხდება. გაცილებით უკეთესი პრინციპია, რომ მე ვიზრუნო ჩემს თავზე და ყველამ საერთოდ იზრუნოს თავის თავზე, ვიდრე ვინმეს მივანდოთ ეს საქმე. ან საერთოდ ვინმემ რატომ უნდა იზრუნოს ჩემზე?