02.აპრილი .2019 21:20

პარიზში ქართველი ქალი მეღვინეების ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა

views 1559
უკან

31 მარტს პარიზში "საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაციის" წევრების ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც ორგანიზება პარიზში მდებარე ქართულმა რესტორანმა და ღვინის ბარმა "კოლხეთი" გაუწიეს.

დეგუსტაციას ღვინის დეგუსტატორები, ბლოგერები, ფოტოგრაფები და პროდიუსერები, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებიდნენ.

როგორც "საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაციის" დამფუძნებელი ამბობს, დამსწრეთათვის განსაკუთრებით საინტერესო ქალი მეღვინეების თემა აღმოჩნდა და საუბრისას ბევრმა სტუმარმა აღნიშნა, რომ სწორედ ქალების მიერ დაყენებული ღვინის აღმოჩენის ინტერესმა მოიყვანა ისინი დეგუსტაციაზე.

"საფრანგეთში მეღვინე ქალთა პირველი გაერთიანებები 1990-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა, თუმცა იმ 20-მდე ასოციაციას შორის, რომლებიც დღეს არსებობს, უმეტესობა სწორედ ბოლო 10 წლის მანძილზე დაარსდა. სხვა ქვეყნების სტატისტიკასაც თუ მოვიშველიებთ, დავინახავთ, რომ მეღვინეობაში ქალების როლის წარმოჩენა განსაკუთრებით აქტიურად სწორედ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მოხდა. სასიხარულოა, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოც არ ჩამორჩება მსოფლიო მეღვინეობის ქვეყნებს. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რამაც ამდენი სტუმარი მოიზიდა 31 მარტს პარიზში „საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაციის“ მიერ ჩატარებულ დეგუსტაციაზე. ამავე დროს, დაიგეგმა ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ფრანგ ღვინის სპეცილიალისტებსა და ქართველ მეღვინე ქალთა თანამშრომლობით. „ასოციაციის“ საპატივცემულოდ საქართველოდან ჩამოტანილი ერთი ძირი ვაზი - კახური მწვანე დაირგო პარიზის ქართული რესტორნის წინ", – ამბობს ანა ჭეიშვილი.

პარიზის დეგუსტაციებზე საკუთარი ღვინოები წარადგინეს "საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაციის" წევრებმა გვანცა აბულაძემ ("ბაიას ღვინო"), თინათინ ჯახუამ (Tinatin.Wine) და დონა იოსელიანმა (Wine’s Angel).

დეგუსტაციაზე წარდგენილი იყო: ციცქა, კრახუნა, ცოლიკოური, რქაწითელი, კახური მწვანე, თავკვერი და ოჯალეში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა