მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვების გაშლა დაიწყო

5cbc3c27b42ee
თელარა გელანტია
21.04.19 13:45
625
პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში ადგილობრივები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

IPN-ის ინფორმაციით, ნაწილმა კარვების გაშლა დაიწყო და ღამით დარჩენას არ გამორიცხავს.

ისინი აცხადებენ, რომ პოლიცის მობილიზების არ ეშინიათ და არავის მისცემენ უფლებას, ჰესის მშენებლობა გაგრძელდეს.

"არ მივცემთ უფლებას, აშენდეს აქ ჰესი.ღამეც დავრჩებით და დღეც.ცეცხლიც ავანთეთ და კარვებსაც გავშლით“, - განაცხადა ადგილობრივმა დარეჯან ფარეულიძემ.
საქმე იმაშია, რომ დღეს პანკისის ხეობაში კომპანიებმა - „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ მცირე ჰესის „ხადორი - 3“-ის სამშენებლო სამუშაოები დაიწყეს, რასაც ხეობის მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.

სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაშავდა რამდენიმე ადგილობრივი. დაშავებულთა შორის სამი პოლიციელია. სამართალდამცველებს ადგილობრივებმა ქვები ესროლეს.

მოგვიანებით ადგილზე ჩავიდა შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე და ხეობის მოსახლეობას მოლაპარაკება შესთავაზა. ასევე მიღებულ იქნა გადაწვეტილება სამშენებლო სამუშაოების შეჩერების შესახებ.

„ვინც კანონს დაარღვევს, ყველა დაისჯება. პოლიციელები უკანონო ქმედებას არ ჩაიდენენ. მოგიწოდებთ, შეინარჩუნოთ მშვიდობა; პოლიციელები მოწადინებულები არიან, რომ დაიცვან კანონი. გამოყავით თქვენი წარმომადგენელი, ჩავიდეთ თელავში და მოვილაპარკოთ. ხედავთ, რომ მუშაობა შევაჩერეთ; გეუბნებით, დავჯდეთ და დავილაპარკოთ. ჩვენთვის თქვენი ინტერესი არის მნიშვნელოვანი. ჩვენი ინტერესია, რომ თქვენ იყოთ კმაყოფილი და ასევე, ინვესტორების ინტერესები იყოს დაცული“, - მიმართა მინისტრის მოადგილემ ადგილობრივებს.

პანკისელები კახა საბანაძის შეთავაზებას დათანხმდნენ. 7 ადგილობრივი თელავში მინისტრის მოადგილეს გაჰყვა.