02.თებერვალი .2016 15:54

ოვერდრაფტი, - რა უნდა ვიცოდეთ "მეცამეტე ხელფასის" აღებამდე

views 8087
უკან

ოვერდრაფტი წარმოადგენს მოკლევადიან სესხს, რომელიც დაიშვება მომხმარებლის საბარათე ანგარიშზე. მას ე.წ. მეცამეტე ხელფასსაც ეძახიან. ამ პროდუქტით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომლებსაც ხელფასი ბანკში ერიცხებათ. როგორც წესი, ოვერდრაფტის მოცულობა ხელფასის (მაქს. 100%) და საკრედიტო ისტორიის შესაბამისად განისაზღვრება.
 
ოვერდრაფტი შესაძლებლობას გვაძლევს დავხარჯოთ ანგარიშზე არსებულ თანხაზე გაცილებით მეტი, ხოლო დავალიანება მოგვიანებით დავფაროთ. ამ მომსახურებისთვის გახარჯული თანხის გარკვეულ პროცენტს ბანკს ყოველთვიურად ვუხდით, ხოლო ძირი თანხა შეგვიძლია მაქსიმუმ ვადის ბოლომდე დავფაროთ. ოვერდრაფტის ვადა არის ერთი წელი.

ოვერდრაფტი ძალიან ჰგავს საკრედიტო ბარათს, თუმცა განსხვავდება იმით, რომ ჩვეულებრივ, მიბმულია ხელფასზე. ეს არ არის მიზნობრივი ან უზრუნველყოფილი სესხი და მისი აღება, სხვა საკრედიტო პროდუქტებისგან განსხვავებით, შედარებით ნაკლებ პროცედურებს მოითხოვს. თვის განმავლობაში გახარჯული თანხის პროცენტი დღეების სიზუსტით ანგარიშდება. კომერციული ბანკები ამ მიმართულებითაც განსხვავებულ პროცენტებს გვთავაზობენ, რომელიც საშუალოდ 18-20%-ს შეადგენს. საპროცენტო განაკვეთის დარიცხვა ხორციელდება, რეალურად დახარჯულ თანხაზე. ბანკის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება იფარება ავტომატურად, საბარათე ანგარიშზე, ხელფასის ყოველი ჩარიცხვისას. სესხის მოქმედების ვადაში შეგვიძლია რამდენჯერმე ჩავფაროთ და განვაახლოთ ოვერდრაფტი. ამ საკრედიტო პროდუქტის პირობები ინდივიდუალურია მომხმარებლის შემოსავლის გათვალისწინებით. ხშირად, საპროცენტო განაკვეთი ორგანიზაციის სახელფასო პროგრამის პირობებშია გათვალისწინებული. ოვერდრაფტის აღება შესაძლებელია იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც გვაქვს შემოსავალი.

საზოგადოება და ბანკები
მარიამ აფრიდონიძე


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა