მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოქროს სია" გაუქმდა - ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დან 5 დღემდე შეუმცირდა

5cf829eb9593a
თამუნა ქემერტელიძე
06.06.19 00:44
9034
კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა - ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს.

აღნიშნულს საქართველოს ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის 2019 წლის 31 მაისს ხელმოწერილი ბრძანება №162 ითვალისწინებს.

კერძოდ, მინისტრის გადაწყვეტილებით, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა) და წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა).

ზემოაღნიშნული ცვლილება აქციზური საქონლის მიმართ ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს (2019 წლის 12 ივნისს), ხოლო სხვა შემთხვევაში –გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს (2019 წლის 2 ივლისს).

მაჭავარიანის ბრძანების თანახმად, ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებულ საქონელზე იმპორტის გადასახდელები გადაიხდება დეკლარაციის რეგისტრაციის დღისთვის მოქმედი წესით განსაზღვრულ ვადაში.

რატომ გამოსცა ფინანსთა მინისტრმა აღნიშნული ბრძანება და იყო თუ არა ბიზნესი ინფორმირებული, ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად bm.ge ფინანთა სამინიტროსაც დაუკავშირდა.

ვანო მაჭავარიანის უწყებაში ირწმუნებიან, რომ ცვლილებების თაობაზე ბიზნესს შეტყობინებები დაეგზავნა და კერძო სექტორს გონივრული ვადაც მიეცა.
სამინისიტროს ინფორმაციით, ცვლილება შეეხება ე.წ. ოქროს სიის წევრ 217 კომპანიას.

„ამ გადაწყვტილების ძალაში შესვლის შემდეგ, ბიზნესი თანაბარ პირობებში ჩადგება; ყველასთვის იქნება 5-დღიანი ვადა და ბიზნესი იქნება კონკურენტუნარიან გარემოში, განსაკუთრებით კი - მცირე და საშუალო ბიზნესი“, - აცხადებენ სამინიტროში.