მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნებამ" ეკონომიკის მინისტრი 5-ჯერ შეცვალა - კომერციულ ატაშეებს კი, 3 წელია ვერ ნიშნავს

5cbb0b6c6295b
თელარა გელანტია
20.04.19 16:05
839
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2 დღის წინ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მთავრობის მეთაურს ქობულიას პოსტიდან მოხსნის კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია, მაგრამ მისი განცხადებებიდან ჩანდა, რომ ეკონომიკის ყოფილ მინისტრს მუშაობის ტემპი დაუწუნა.

Bm.ge-მ გადაწყვიტა, პერიოდულად საზოგადოებას შეახსენოს „ოცნების“ მთავრობის ანგარიშზე არსებული დაპირებები და მისი შესრულების ტემპები.

მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი კომერციული ატაშეების ინსტიტუტის თემაა.

მთავრობა რომ კომერციული ატაშეების ინსტიტუტს შექმნიდა, ეს გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 2016 წლის 13 ივნისს, მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე დაანონსა. ( იხილეთ ლინკი )  მაშინ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იყო.

დღეს არცერთი მათგანი „ოცნების“ მთავრობაში არაა. საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძეა, ხოლო ეკონომიკის მინისტრი 5-ჯერ შეიცვალა. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პორტფელი ებარა დიმიტრი ქუმსიშვილს 2-ჯერ; დაახლოებით, ათი თვის განმავლობაში ეკონომიკის მინისტრი იყო გიორგი გახარია, შემდეგ რამდენიმე კვირა - გიორგი ჩერქეზიშვილი და ბოლოს გიორგი ქობულია, რომელმა ამ პოსტზე 9 თვე იმუშავა და როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, დაგვიტოვა სტრატეგიები, რომელიც მომავალში ქვეყანას გამოადგება. დღეისათვის კი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაა.

2016 წლიდან 2019 წლამდე მინისტრების ცვლილებასთან ერთად იცვლებოდა მთავრობის „გემოვნება“ კომერციული ატაშეების ინსტიტუტის შესახებ. ბოლო ინფორმაციით, კომერციული ატაშის ნაცვლად საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური დესპანები ეყოლება, რომელიც რანგით უფრო მაღლა დგას, ვიდრე - ატაშე და მათი შერჩევა, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსის გზით დაიწყო, უკვე საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაიბარა.

გადაბარება კი, მაშინ მოხდა, როცა ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსი ჩაატარა და აპლიკანტებთან გასაუბრებაც დაიწყო.

როგორც bm.ge-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განუცხადა, არაა გამორიცხული, რომ დაანონსებული 6 ატაშის რაოდენობა გაიზარდოს.

„ჩვენ ამ ახალი გარემოებების გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ გამოვაცხადეთ კონკურსი, შემოსულია განცხადებები და უახლოეს პერიოდში გვექნება გასაუბრება ამ ადამიანებთან; შეიძლება გაიზრდოს მათი რიცხვი, შეიძლება შვიდიც იყოს“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის გზით შერჩეულ აპლიკანტებსაც ესაუბრებიან.

თუმცა, დესპანების დანიშვნის ვადები ისევ უცნობია.

ცნობისთვის: პირველადი ინფორმაციით, კომერციული ატაშეები 6 სხვადასხვა ქვეყანაში (აშშ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) იმუშავებენ და ინვესტიციების მოზიდვაზე იქნებიან ორიენტირებული.

კომერციული ატაშეების ყოველთვიური ანაზღაურება 4000-დან 7000 დოლარამდე იქნება. თანამდებობრივი სარგოს ზუსტი ოდენობა, ასევე სხვა ხარჯები იმ ქვეყნების მიხედვით განისაზღვრება, სადაც ეკონომიკური ატაშეები მივლინებული იქნებიან.

ეკონომიკის სამინისტროს ბრძანების მიხედვით, კომერციული ატაშეს თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ლიმიტი ევროში 2000-დან 4000-მდე იქნება, გირვანქა სტერლინგში კი - 1000 დან 3000-მდე.