24.მაისი .2019 19:50

ნიკოლოზ ჩიქოვანი: ჭიათურაში მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანების პრობლემა გადაწყვეტილია

views 957
უკან

„ჭიათურაში მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანები, უახლოეს მომავალში, აღარ გადაადგილდება“, - ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, დასრულდა სარკინიგზო საწყობის პროექტირება და სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია.

"სარკინიგზო საწყობის მშენებლობა დაწყებულია. ეს არის საჩხერის მხრიდან ჭიათურაში შესასვლელი მონაკვეთი ე.წ. ნოფის ტერიტორიაზე; ასე რომ, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და მძიმეწონიანი სატვირთო ავტომანქანები ქალაქის ტერიტორიაზე აღარ გადაადგილდება. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ როგორც კომპანიის გაფიცული თანამშრომლები, ასევე რიგითი ჭიათურელები მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებასთან დაკავშირებით კვლავ აჟღერებენ მოთხოვნას, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, გავუსვა ხაზი, რომ პირველივე დღეს, როდესაც გაფიცვა დაიწყო, მათ ჩვენ განვუმარტეთ, რომ ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ქალაქის ხელმძღვანელობასთან კოორდინირებულად ვმუშაობთ, არის ქალაქის დასუფთავებაში ჩვენი კომპანიის აქტიური ჩართულობა. მერიას დავეხმარებით ტექნიკურ აღჭურვაშიც და ამ პროცესში „ჯორჯიან მანგანეზი“ ყოველდღიურად მიიღებს მონაწილეობას. მე მჯერა, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად ეს ქალაქი, უახლოეს მომავალში, იქნება სუფთა. რაც შეეხება მიმდინარე აქციას - გაფიცულ მაღაროელებს ჩვენ კვლავ ვთავაზობთ საინიციატივო ჯგუფის შექმნასა და პროცესის დიალოგის რეჟიმში წარმართვას, თუმცა, ამ ეტაპზე, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით მათი მხრიდან მზაობა არ არის“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა