მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: ხელი მოვაწერეთ ექსპორტის გამარტივების შესაძლებლობას ევროკავშირში

5ce3f62516e92
თელარა გელანტია
21.05.19 16:58
623
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა სტეფან კუბივმა ხელი მოაწერეს ოქმს, რომლითაც ორ ქვეყანას შორის მოქმედ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში შევიდა ცვლილება.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას თქმით, ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელიც ევროკავშირში ექსპორტის გამარტივების შესაძლებლობას მოგვცემს.

მისივე განცხადებით, DCFTA-ს ქვეყნებს შორის არსებული ახალი პრიორიტეტებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა ისეთი სქემების ამოქმედება, რომლებიც პროდუქციის ერთობლივი გადამუშავების საშუალებას გააჩენს.

„იცვლება პრიორიტეტები, წინ მივიწევთ ყველა ქვეყანა, ვინც არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მონაწილე. ახალი პრიორიტეტებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა ისეთი სქემის ამოქმედება, რომელიც საშუალებას მოვცემს, ერთობლივად გადავამუშავოთ პროდუქცია. პროდუქცია, რომლის გადამუშავებაც დაიწყება უკრაინაში და დასრულდება საქართველოში, უფრო მარტივად მიეწოდება ევროკავშირის ბაზრებს და ასევე პირიქით, პროდუქცია, რომლის გადამუშავებაც დაიწყება საქართველოში და დასრულდება უკრაინაში, უკეთესად იქნება წარმოდგენილი ევროკავშირში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ხელმოწერა უკრაინის ქალაქ კიევში მიმდინარე ევროკავშირისა და DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება) პარტნიორების ვაჭრობის საკითხებზე მეორე არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული ცვლილების ძალაში შესვლის შემდგომ შესაძლებელია იქნება როგორც უკრაინული, ასევე ევროკავშირში წარმოშობილი ნედლეულით, საქართველოში მარტივი გადამუშავებით დამზადებულმა პროდუქციამ, უკრაინაში და/ან ევროკავშირში ექსპორტისას ისარგებლოს ამ ქვეყნებთან არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით. მაგალითად, უკრაინული ხილის კონცენტრატით საქართველოში დამზადებული ხილის წვენი ვერ აკმაყოფილებს წარმოშობის წესებს და ევროკავშირში ექსპორტისას თუ დღეს დაიბეგრება იმპორტის გადასახადით, ცვლილებათა ოქმის ამოქმედების შემდგომ, უკვე დიაგონალური კუმულაციის პირობების თანახმად, დააკმაყოფილებს წარმოშობის წესებს და მისი ევროკავშირში ექსპორტისას ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით.