მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდება

5cbffa1be8aa2
თელარა გელანტია
24.04.19 09:52
812
საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტი მნიშნელოვნად გაიზრდება - ეს საკითხი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ყაზახეთის პრემიერ მინისტრის მოადგილე ჟენის კასიმბეკთან შეხვედრისას განიხილა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, „ყაზახეთში შემდგარი მოლაპარაკების თანახმად, ყაზახეთის მთავრობა ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოს ბაზარზე ხორბლის ტრანსპორტირების სუბსიდირებას მოახდენს და 50%-მდე დაწევს ტარიფებს, რაც მოგვცემს საშუალებას, ყაზახური ხორბალი შედარებით ხელმისაწვდომ ფასებად მივიღოთ“.

ნათია თურნავას თქმით, აღნიშნული ინიციატივა უკვე მომზადებულია, თუმცა ყაზახური ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძის ყაზახეთში მომავალი ვიზიტის ფარგლებში იქნება მიღებული.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ხორბლის იმპორტი დივერსიფიცირებული იყოს.

„ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტის, ხორბლის მიწოდება დივერსიფიცირებული იყოს. დღეს ჩვენს ბაზარზე დომინირებს რუსული ხორბალი, მოვილაპარაკეთ, რომ ყაზახეთი თავისი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაასუბსიდირებს ყაზახური ხორბლის მიწოდებას საქართველოს ბაზარზე და ტარიფებს 50%-მდე დაწევს. რაც საშუალებას მოგვცემს, შედარებით ხელმისაწვდომ ფასებში მივიღოთ ყაზახური ხორბალი და ეს პრობლემა კარდინალურად გადავწყვიტოთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.