მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: ქართულ ბაზარზე იტალიური კომპანიების წილი მუდმივად იზრდება

5d1db003368a1
BM.GE
04.07.19 11:51
1089
"სასიხარულოა, რომ ქართულ ბაზარზე იტალიური კომპანიების წილი მუდმივად იზრდება და დღეს გვყავს წარმატებული იტალიური კომპანიები, რომლებმაც საქართველოში ინვესტიცია განახორციელეს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველო-იტალიის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ბოლო პერიოდში საქართველომ, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 167 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის იტალიური ინვესტიცია მიიღო.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი ძალიან დიდია.

"საქართველო, მისი 3.7-მილიონიანი მოსახლეობით, შეიძლება არ მოგეჩვენოთ მომგებიან ბაზრად, თუმცა თუ საქართველოს შეხედავთ, როგორც რეგიონალურ ჰაბს, მაშინ ვითარება სულ სხვანაირი იქნება. ჩვენ ვხედავთ საქართველოს, როგორც კარიბჭეს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის, არამედ ცენტრალური აზიის, ევროკავშირის, შემდეგ კი დასავლურ და აღმოსავლეთის ბაზრებზე", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში ინვესტორებს შეუძლიათ ისარგებლონ 2,3 მილიარდიან ბაზარზე წვდომით საბაჟო ტარიფების გარეშე და ამ შესაძლებლობას ქმნის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) და ასევე, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ჩინეთთან, (მათ შორის ჰონკონგთან), EFTA-სა და დსთ-ს ქვეყნებთან, უკრაინასთან და თურქეთთან.

ბიზნესფორუმი, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რამდენიმე დარგს – ინფრასტრუქტურას, სამშენებლო და საინჟინრო დარგებს, ენერგეტიკასა და ურბანულ განვითარებას მიეძღვნა, საქართველოში იტალიის საელჩოს, იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ITA-ICE), საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ჩატარდა.