მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: მცირე სასტუმროების დასახმარებლად მოვამზადეთ და გამოვაცხადეთ კონკრეტული კრიტერიუმები

5d600839cf9d1
BM.GE
23.08.19 19:50
895
"მცირე სასტუმროების დასახმარებლად მოვამზადეთ და გამოვაცხადეთ კონკრეტული კრიტერიუმები საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ამოქმედდება პირველი სექტემბრიდან, მაგრამ დაფარავს 1-ლი აგვისტოდან დარიცხულ პროცენტს მომდევნო 6 თვის განმავლობაში", - ამის შესახებ ნათია თურნავამ ქობულეთში, მცირე საოჯახო სასტუმროების მფლობელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად მცირე სასტუმროებს მფლობელებს საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივის - "თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის" პროექტი გააცნო. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ივნისის მოვლენების შემდეგ, როცა რუსეთმა შეწყვიტა პირდაპირი ფრენები საქართველოსთან და ტურისტული ინდუსტრია გამოწვევის წინაშე დადგა, მთავარი სამიზნე ჯგუფი მცირე სასტუმროები და მათი დახმარება გახდა, რადგან ყველაზე მეტად სწორედ ეს სეგმენტი დაზარალდა.

"სახელმწიფო თავის თავზე იღებს 6 თვის განმავლობაში იმ ბენეფიციარების საბანკო სესხზე დარიცხული პროცენტის თანადაფინანსებას, რომელთაც სასტუმროს მშენებლობის, გაფართოების, აღჭურვის თუ რემონტის მიზნით სესხი აღებული აქვთ 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში და მათი სასტუმრო მოიცავს 4-დან 20-მდე ნომერს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, გარდა ამ პროგრამისა, ასევე ძალაში რჩება საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომელიც შეეხება უკვე ახალი სასტუმროების მშენებლობის ან გაფართოების მსურველებს, სადაც სახელმწიფო მეწარმეებს დიდი პროცენტით თანაუზრუნველყოფას სთავაზობს ბანკებში სესხის ასაღებად.

ნათია თურნავას თქმით, როგორც კი გამოწვევის წინაშე დადგა ტურისტული ინდუსტრია, ხელისუფლებამ გამოაცხადა მზადყოფნა, შეემუშავებინა კონკრეტული გეგმა ამ სექტორის დასახმარებლად.

"ამ გეგმის ფარგლებში ჩვენ განვახორციელეთ ძალიან ბევრი მარკეტინგული ღონისძიება, დავაანონსეთ და დავიწყეთ ახალი პირდაპირი ფრენები და შემოვიყვანეთ ახალი ავიაკომპანიები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, ფინანსური დახმარების კომპონენტი, რაზეც ყველაზე დიდი მოლოდინია და სწორედ დღეს გამოვაცხადეთ თანადაფინანსების მექანიზმი მცირე საოჯახო სასტუმროების დასახმარებლად, რაც ჩვენი გეგმის ერთ-ერთი ნაწილია", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის: თანადაფინანსების მექანიზმით სარგებლობა შეუძლიათ იმ ბენეფიციარებს, რომელთაც სასტუმროს მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის მიზნით სესხი აღებული აქვთ 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში და სასტუმრო მოიცავს 4-დან 20-მდე ნომერს.

თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს: 300 000 (სამასი ათასი) ლარს ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარს - აშშ დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში და 80 000 (ოთხმოცი ათასი) ევროს - ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში.