13.ივნისი .2019 09:52

ნათია თურნავა: ჩვენი და აშშ-ის მთავრობის ხედვა ანაკლიის პროექტის შესახებ ერთმანეთის იდენტურია

views 653
უკან

ანაკლიის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ბუნებრივია, რომ მასზე გაამახვილა ყურადღება ისეთმა მაღალი რანგის თანამდებობის პირმა, როგორიცაა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, - განაცხადა აშშ-ში ვიზიტით მყოფმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

თურნავას თქმით, მაიკ პომპეოსთან შეხვედრისას პროექტი ძალიან პოზიტიურ კონტექსტში იყო ნახსენები.

მინისტრის თქმითვე, ბუნებრივია, რომ ასეთი მნიშვნელობის პროექტთან დაკავშირებით საკითხს სვამს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მასთან ვიხილავთ ამ საკითხს.

„ჩვენი და აშშ-ის მთავრობის ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით, პრინციპში, იდენტურია. ანაკლიის პროექტი არის უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად და ამიტომაც საქართველოს მთავრობა ამ პროექტის ესოდენ მხარდამჭერია", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა იმას, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ გაუგრძელა ვადა ანაკლიის კონსორციუმს, რათა მან დაფინანსების საკითხი ბოლომდე მიიყვანოს.

„ჩვენ ძალიან აქტიურად დავუჭერთ მხარს მოლაპარაკებების პროცესს და ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში შევძლებთ, გადავიდეთ პროექტის შემდეგ ფაზაზე. უკვე ვთქვი, რომ ჩვენი და აშშ-ის მთავრობის ხედვა ამ პროექტის შესახებ არის ერთმანეთის იდენტური. პროექტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა მაღალი რანგის შეხვედრაზე შეიძლება მასზე საუბარი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა