მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: ჩვენი ამბიციური გეგმის შედეგად, საქართველოს 85% გაზიფიცირდება

5d09efd79106b
თელარა გელანტია
19.06.19 12:16
804
როგორც იცით, ჩვენ ვახორციელებთ გაზიფიცირების მასშტაბურ პროგრამას, მათ შორის ისეთ სოფლებში, სადაც ისტორიულად პირველად შედის გაზი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, გაზიფიცირების პროცესს უშუალოდ ეცნობა რეგიონებში და აკონტროლებს მშენებლობის ვადებს.

„გაზიფიცირება მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას ახალი მცირე ბიზნესების შექმნისთვის, აგროტურიზმის განვითარებისთვის, საოჯახო სასტუმროების გახსნისა და ზოგადად ოჯახების კეთილდღეობის ამაღლებისთვის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის თანახმად, 2019 – 2021 წლებში საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტი იქნება ბუნებრივი აირის აბონენტი. მინისტრის თქმით, ეს არის მთავრობის ამბიციური გეგმა, რომელიც აუცილებლად შესრულდება ვადებში და სათანადო ხარისხით.
„ვადებსა და ხარისხს ძალიან მკაცრად გავაკონტროლებთ," - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, გაზიფიცირება შეამცირებს გათბობის მიზნით ხე-ტყის ჭრას, რაც ეკოლოგიურ ვითარებას გააუმჯობესებს.

„რამდენიმე კვირის წინ თავად გახლდით წალენჯიხასა და ჩხოროწყუში, სადაც ამ დასახლებების ისტორიაში პირველად შევიდა გაზი და თქვენ უნდა გენახათ იქ მცხოვრებთა სახეები. ჩვენ ამ პროცესს გეგმაზომიერად ვაგრძელებთ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, ივლისში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება დუშეთის 6 სოფელში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში, ზესტაფონში, ხარაგაულში, მარნეულში, ტყიბულში, თერჯოლაში, ხარაგაულში, ვანსა და ა.შ.

მთლიანად, გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში, აბონენტების რაოდენობა 3 წლის განმავლობაში მიაღწევს 1 300 000 ოჯახს მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც 226-ზე მეტი დასახლებული პუნქტია.