16.თებერვალი .2016 09:58

ნატახტარი: SICPA-ს მარკირების აპარატი ხარვეზებით მუშაობს

views 1495
უკან

ნატახტარის კორპორატიული დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი მარკირების განმახორციელებელი კომპანია "SICPA"-ს მუშაობით უკმაყოფილოა. როგორც ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, არსებობს ტექნიკური პრობლემები, რაც უნდა გადაიჭრას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპანია შემოსავლების სამსახურთან და კომპანია "სიქპასთან" შეხვედრას გეგმავს. "მარკირების აპარატს ტექნიკური პრობლემები აქვს, რაც უნდა გადაიჭრას. იყო მცდელობა გადაბრალების, რაც ჩვენი კომპანიისთვის მიუღებელია. არის ხაზზე დაყენებული დანადგარი და ნება იბოძონ და უზრუნველყონ პროცესის გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობა აიღონ მარკირების პროცესზე’’- აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
 
მისი თქმით, როცა მარკირების აპარატი არ მარკავს, ეკრანზე მოცემული ციფრი და საწყობში არსებული რაოდენობა განსხვავებულია. "რომ მოვიდნენ და ნახონ ერთი ბოთლი არამარკირებული პროდუქცია, კომპანია 500 ლარით დაჯარიმდება. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა იქნას ტექნიკურად გაწერილი", - აცხადებს ხუნძაკიშვილი.

ნატახტარის კორპორატიული დირექტორი ზოგადად უალკოჰოლო სასმელების სავალდებულო მარკირების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლება დანაპირებს ასრულებს და კომპანიებს მარკირების მომსახურების გადახდა არ უწევთ, თუმცა როგორც ხუნძაკიშვილი განმარტავს, მიუხედავად ამისა მათ არ აქვთ მყარი გარანტია, რომ ერთ დღეს ფინანსთა სამინისტრო ბიზნესს არ ეტყვის, რომ ეს თანხა მათი გადასახდელია.

უალკოჰოლო სასმელები სავალდებულო ელექტრონულ მარკირებას 2015 წლის 1-ლი ნოემბრიდან დაექვემდებარა. მომსახურების საფასურს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ფარავს.