08.თებერვალი .2019 10:10

"მზეთამზე" ფერმერებისგან თხუთმეტჯერ მეტ მარცვლეულს შეისყიდის

views 3088
უკან

კომპანია “მზეთამზე“ ადგილობრივი ფერმერებისგან წელს თხუთმეტჯერ მეტ მარცვლეულს შეისყიდის. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ოთარ ნაჭყებიამ Bm.ge-ს განუცხადა, ნედლეულზე მოთხოვნა კომპანიაში გაზრდილი წარმოებითაა განპირობებული.

“გასული წლის შემოდგომიდან ჩვენ პურის წარმოება ახალ ქარხანაში დავიწყეთ, რამაც საშუალება მოგვცა წარმადობა თხუთმეტჯერ გაგვეზარდა და თბილისის სავაჭრო ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილი აგვეთვისებინა. ამჟამად "მზეთამზეს“ პური, რომელიც 100%-ით ქართული ხორბლისგან მზადდება, თითქმის ყველა მსხვილ სავაჭრო ქსელშია შესული. მომხმარებელმა პური კარგად მიიღო და წარმოების გაზრდას სამომავლოდაც ვგეგმავთ. შესაბამისად, ჩვენი პარტნიორი ფერმერებისგან გაცილებით დიდი რაოდენობით მარცვლეულს შევისყიდით, ვიდრე გასულ წელს“ - განაცხადა ოთარ ნაჭყებიამ.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "მზეთამზეს" სტრატეგიაა პროდუქცია მხოლოდ ქართული ჯიშის ხორბლისგან აწარმოოს და ადგილობრივ ფერმერმერებსაც დაეხმაროს. მათ შორის, უძველესი ქართული ჯიშებიდან, როგორიცაა “წითელი დოლი“, "დიკა" და "შავფხა". ასევე აწარმოებს პურს ჭვავისგან, რომელიც საქართველოშია მოყვანილი. ძალიან მალე კომპანია მომხმარებელს კიდევ ერთ ახალ პროდუქტს შესთავაზებს - ეს იქნება მოხალული ქერისგან, ანუ “თუშური ქუმელისგან“ წარმოებული პური.

ერთ-ერთი ფერმერი, რომელიც "მზეთამზეს" ნედლეულით ამარაგებს სოსო ხუროშვილია, ის კოოპერატივ ,,ტირიფონა 2014“-ის წევრია. კოოპერატივის კუთვნილი 100 ჰექტარი მიწა გორში მდებარეობს, თავად სოსო კი სოფელ ხურვალეთიდანაა, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება. როგორც ფერმერი აცხადებს, მას შემდეგ რაც ბაზარზე კომპანია "მზეთამზე“ გაჩნდა, ფერმერებმა მარცვეულის წარმოება მნიშვნელოვნად გაზარდეს, რადგან იციან რომ ნაშრომს გარანტირებულად გაყიდიან.

“კოპერატივში შვიდი ფერმერი ვართ გაერთიანებული, ჩვენ 100 ჰექტარ მიწას ვფლობთ, რომელიც გორის რაიონის სხვადასხვა სოფლებში, ტიროფონას ველზე მდებარეობს. რადგან ჩვენს მიწებზე სარწყავი წყალი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოდიოდა და ამჟამად აღარ მოგვეწოდება, პროფილი შევიცვალეთ. ადრე ხილი მოგვყავდა, მაგრამ წყლის გარეშე ეს შეუძლებელია, ამიტომ მარცვლეულის წარმოება დავიწყეთ, მოგვყავს ჭვავი, ხორბალი, გრეჩიხა და სხვა“ - განუცხადა Bm.ge-ს სოსო ხუროშვილმა.

ის ერთერთი პირველია, ვინც საქართველოში ჭვავის კულტურის წარმოება აღადგინა. როგორც ფერმერი განმარტავს, ჭვავზე ქართული საცხობების მხრიდან ძალიან დაბალი მოთხოვნა იყო, ამიტომ მას მცირე რაოდენობით თესავდა, მას შემდეგ რაც კომპანია ,,მზეთამზეს“ პარტნიორები გახდნენ, ჭვავის ნათესების რაოდენობა სამჯერ გაზარდეს. ამჟამად კოპერატივის კუთვნილი ტერიტორიის ერთი მესამედი სწორედ ამ კულტურას უკავია.

“ჭვავის კულტურა ძალიან მაინტერესებდა, ვიცოდი რომ საქართველოში არავის მოჰყავდა, 40 კილოგრამი სათესლე მასალა ვიშოვე და გავამრავლე. თავიდან ქართულ საცხობებს შევთავაზე, მაგარამ მათი ინტერესი ჭვავის შესყიდვაზე ძალიან დაბალი იყო. დავინახე, რომ ბაზარი გაჯერებული იყო ფალსიფიცირებული ჭვავის პურით, შესაბამისად, ამ კულტურას დიდ ფართობებზე აღარ ვთესავდი, სულ 5-10 ჰექტარზე მომყავდა; ეხლა უკვე 20-30 ჰექტარზე ვთესავთ, დანარჩენ ტერიტორიაზე კი ხორბალი და წიწიბურა მოგვყავს, გვაქვს ასევე ბარდა. ჩვენს პროდუქციას მთლიანად “მზეთამზე” ყიდულობს. გარდა ამისა, სათესლე მასალა, ამ კულტურების გასამრავლებლად, ჩვენგან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც წაიღეს და ვფიქრობთ მარცვლეულის წარმოება კიდევ უფრო გაიზრდება. უკვე ვიცი, რომ მაგალითად ჭვავი, საქართველოს მასშტაბით 50-70 ჰექტარზე გაამრავლეს, სულ რამდენიმე წლის წინ კი ეს ნათესები საერთოდ არ არსებობდა“ - განაცხადა სოსო ხუროშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა