04.მაისი.2016 19:27
ბიზნესი

მწარმოებლებს თხილის ექსპორტზე გატანისას რეგლამენტით გათვალისწინებული წესების დაცვა მოუწევთ

მწარმოებლებს თხილის ექსპორტზე გატანისას რეგლამენტით გათვალისწინებული წესების დაცვა მოუწევთ
1 ივნისიდან ძალაში შევა თხილის რეგლამენტი, რომელიც ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის რეგულირების პრინციპებს განსაზღვრავს. თხილის რეგულირების ახალ წესებზე "საქმიან დილასთან" სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ქეთევან ლაფერაშვილი საუბრობს.

- ქალბატონო ქეთევან რატომ გახდა ამ რეგლამენტის მიღება აუცილებელი?

- თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიღების აუცილებლობა იმ გარემოებამ განსაზღვრა, რომ თხილს როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქტს ძალიან დიდი საექსპორტო პოტენციალი აქვს. გარდა ამისა, ევროკავშირის ბაზარზე თხილზე მოთხოვნა თანდათან უფრო იზრდება და მსოფლიოში თხილის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზე ვართ. აქედან გამომდინარე, აუცილებლობა იმისა, რომ საქართველოდან გასული თხილი დაცული და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობილი ყოფილიყო, დადგა აუცილებლობა და რეალობა ამისა. სახელმწიფოს გადაწყვეტილებით მეთხილეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამა შემუშავდა. მეთხილეობის განვითარების პროდუქტი არის თხილი, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე დაცვა სჭირდებოდა.

- დაცულობაში რა იგულისხმება?

- ტექნიკურმა რეგლამენტმა განსაზღვრა სწორედ ის მახასიათებლები, რომელიც თხილს უნდა ჰქონდეს, როდესაც საუბარია მის ხარისხზე, კომერციულ ტიპზე, უვნებლობაზე და ფიზიკურ-ქიმიურ მაჩვენებლებზე. ეს არის სწორედ ის თემები, რომლებიც ტექნიკურმა რეგლამენტმა დაარეგულირა. რეგლამენტი იმ ბიზნეს ოპერატორებზე ვრცელდება რომლებიც ექსპორტს ახორციელებენ. არ მინდა საზოგადოებამ გაიგოს ისე, რომ მკაცრი მოთხოვნები, რომელიც ამ ტექნიკური რეგლამენტით არის განსაზღვრული ადგილობრივ ბაზარზე ვრცელდებოდეს. თუმცა ის, რომ ადგილობრივ ბაზარზე გავრცელებული თხილი ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელი უნდა იყოს, ეს თავისთავად რეგულირებულია სხვა კანონმდებლობით.

- რამდენად რთული იქნება ბიზნესისთვის ამ წესების შესრულება?

- სირთულესთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ეს კანონმდებლობით ისედაც მოთხოვნადი იყო. ახალი ამ ტექნიკური რეგლამენტს არაფერი არ დაუწესებია, გარდა უვნებლობასთან დაკავშირებული საკითხებისა. ზოგადად ჩვენი სხვა კანონმდებლობით ისედაც რეგულირებულია, რომ ეტიკეტირებული და შეფუთული უნდა იყოს პროდუქცია, ეს ყველაფერი საერთაშორისო მოთხოვნებთან არის შესაბამისობაში. ქართულმა თხილმა საერთაშორისო ბაზარზე სტაბილური ადგილი რომ დაიმკვიდროს, სწორედ ის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს, რასაც საერთაშორისო ბაზარი ითხოვს.

- კონკრეტულად ჩამოგვითვალეთ ის საკითხები, რამდენიმე მაინც, რაც ბიზნეს ოპერატორებმა უნდა გაითვალისწინონ...
- ამ ტექნიკურ რეგლამენტში მნიშვნელოვანია ის, რომ მას შესაბამისობის დეკლარაციის ცნება შემოაქვს პირველად ვერტიკალურ კანონმდებლობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნეს ოპერატორი ვალდებულია ყველა პარტიაზე, რომელიც საექსპორტოდ არის განკუთვნილი ერთგვარი დოკუმენტი შეავსოს, რომელიც ამ ტექნიკურ რეგლამენტს დანართის სახით ახლავს და ამ შესაბამისობის დეკლარაციაში შესაბამისი პუნქტების შევსების შემდეგ, დამადასტურებელ დოკუმენტს მაკონტროლებელ ორგანოს მიაწვდის. მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც ტექნიკური რეგლამენტის დადგენილ მოთხოვნებს ქვეყნის შიგნით გააკონტროლებს, სურსათის ეროვნული სააგენტო გახლავთ.

- პროცედურები დროში ხომ არ გაიზრდება და დაბრკოლებები ხომ არ ექნებათ ამ მიმართულებით?

- არანაირი დაბრკოლება არ ექნებათ. არც დანახარჯები იქნება გაზრდილი. იმიტომ, რომ მე აღვნიშნე, რომ ეს საექსპორტო პოტენციალს ეხება, თუმცა აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ გადამუშავებულ, დამტვრეულ თხილზე და გატეხილ, უნაჭუჭო თხილის გულზე. აქ პროცედურები ძალიან მარტივად არის გაწერილი, რომელიც ბიზნეს ოპერატორმა უნდა დააკმაყოფილოს, რომელსაც სურვილი აქვს თავისი თხილი საექსპორტოდ გაიტანოს. უპირველესად, ის ახდენს პარტიის ფორმირებას, მიმართავს სააგენტოს, იქ შესაბამისობის დეკლარაციას და შიდა კონტროლის დამადასტურებელ დოკუმენტებს წარადგენს. შემდეგ სააგენტო 48 საათის განმავლობაში შეისწავლის ამ დოკუმენტებს და მხოლოდ ამის შემდეგ ელექტრონული კავშირია სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურს შორის და ელექტრონული ინფორმაციის შედეგად საბაჟო ამ ტვირთს გაუშვებს. ჩვენ ყველაფერი გავთვალეთ, ეს არ უნდა ასახულიყო ბიზნესზე. ეს ხელშეწყობა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ პროცედურები პირიქით უნდა გავუმარტივოთ.
 

19.აგვისტო.2019 19:16
18651

რამდენი მლნ-ის სარგებელი მოაქვს 'ფორსაჟი 9"-ის თბილისში გადაღებას საქართველოსთვის?

ვრცლად
15.ივნისი.2019 11:20
3434

MADE IN GEORGIA-ს იარლიყით H&M-ის ბრენდის სამოსი 64 ქვეყანაში იყიდება

ვრცლად
05.ივნისი.2019 13:54
1183

BMG-ის პასუხი ავსტრიის საელჩოს - არად ბენკოსთან ინტერვიუს სრული ვერსია ინგლისურ ენაზე

ვრცლად
25.აპრილი.2019 10:58
475

აღსრულების ეროვნული ბიურო: გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
536

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
722

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად