16.აპრილი.2019 10:56
ეკონომიკა

მთავრობამ პარლამენტში მხარდაჭერა ვერ მიიღო - რძე და რძის პროდუქტები დღგ-ისგან ვერ თავისუფლდება

მთავრობამ პარლამენტში მხარდაჭერა ვერ მიიღო - რძე და რძის პროდუქტები  დღგ-ისგან ვერ თავისუფლდება
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია უძღვებოდა, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელეს.

საკითხი განსახილველად ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა გამოიტანა და კომიტეტის წევრებს ზოგადი პრინციპების დონეზე ინფორმაცია მიაწოდა.

კანონპროექტი ითვალისწინებს კოდექსში ცვლილებებს დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში, რომელიც რძეს და რძის პროდუქტებს ეხება.

მომხსენებლის განცხადებით, დღეს არსებული რეგულაციით დღგ-ისგან გათავისუფლებულია მხოლოდ 2 ლიტრზე მეტი პირველად საფუთავებში ჩასხმული რძე და საქართველოში წარმოებული ყველი. კანონპროექტის მიხედვით კი, ერთიან საგადასახდო რეჟიმში მოექცევა რძე და ნატურალური რძისგან ნაწარმოები რძის პროდუქტები.
ლაშა ხუციშვილის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით სრულად თავისუფლდება ნატურალური რძისა და რძის ნაწარმის მიწოდება.

მისი თქმით, წარმოდგენილია გათვლები, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. წინასწარი ინფორმაციით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს წლიურად შესაძლებელია დააკლდეს 35 მლნ. ლარი.

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა თავის დროზე, როდესაც ეს კანონპროექტი იყო წარმოდგენილი პარლამენტში, ფინანსთა სამინისტროსგან მოითხოვა, წარმოედგინათ უფრო მეტი არგუმენტაცია, მათ შორის რიცხვების თვალსაზრისით, ვინაიდან კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდიდა. არადა, როგორც ოთარ დანელიამ განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა სულაც არ აიაფებს პროდუქტს.

„მსურს შეგახსენოთ ჩემი პირადი პოზიცია დარგობრივი თვალსაზრისით - აღნიშნული ინიციატივა არ აიაფებს პროდუქტს დახლზე, გლეხისთვის მეტი შემოსავლის წყარო არ ხდება და ბიუჯეტში შესაძლო მივიღოთ გარკვეული დაფინანსების შემცირება. ასევე ჩვენ გვაქვს საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდს შორის დადებული ფინანსური შეთანხმება, რომელიც საკამოდ მნიშვნელოვანი შეთანხმებაა - 16 მლნ ევროს ოდენობის, რომელიც სწორედ მერძევეობის დარგის მოდერნიზაციას და ბაზარზე წვდომის პროგრამას ემსახურება. ანუ ერთი მხრივ, ჩვენ ვიკლებთ გარკვეულ თანხებს, რომლებსაც იდეაში ფერმერებისთვის პირდაპირი სარგებელი არ მოაქვს რძის რეალიზაციის და მომხმარებლისთვის პროდუქტის გაიაფების თვალსაზრისით, ამავდროულად ჩვენ 16 მლნ-ს ვხარჯავთ კიდევ დამატებით დარგის განვითარებისთვის“, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ წარმოდგენილ კანონპროექტს მისი მხარდაჭერა არ ექნება.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ინიციატორებისაგან თავის დროზე მეტი არგუმენტაციის წარმოდგენა იყო მოთხოვნილი, ეს არგუმენტები დღევანდელ განხილვაზეც არ იყო წარმოდგენილი.

საბოლოოდ, კენჭისყრის შედეგად, კომიტეტმა აღნიშნულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.
ავტორი: თელარა გელანტია

21.ივლისი.2019 16:30
207

დღგ-ის ნაწილში მოსალოდნელი ცვლილებების მიმოხილვა - გელა ბარშოვი

ვრცლად
21.ივლისი.2019 15:55
147

რატომ გადაეცა "საქრუსენერგო" საპარტნიორო ფონდს?

ვრცლად
21.ივლისი.2019 14:08
357

შოვში კურორტის მშენებლობა 2020 წლიდან დაიწყება

ვრცლად
21.ივლისი.2019 13:35
2669

რუსი მილიარდერი და ბიზნესჯგუფი, რომელსაც "ბორჯომი", "ლიკანი", "ბაკურიანი" და "მიტარბი" ეკუთვნის

ვრცლად
21.ივლისი.2019 12:55
174

როგორია მომავალი სტარტაპერების ინტერესები საგრანტო კონკურსის მიხედვით?

ვრცლად
21.ივლისი.2019 12:20
773

საქართველოში "ფორსაჟი 9"–ის ეპიზოდის გადაღება აგვისტოში დაიწყება, ლოკაციები შერჩეულია

ვრცლად